ბექა ოდიშარია - ევროკომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ საქართველო გასულ წელსაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და მით უმეტეს იმსახურებს მიმდინარე წელს
ბექა ოდიშარია - ევროკომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ საქართველო გასულ წელსაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და მით უმეტეს იმსახურებს მიმდინარე წელს

ევროკომისიის დასკვნა მიუთითებს, რომ საქართველო გასულ წელსაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და მით უმეტეს იმსახურებს მიმდინარე წელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„გვესმის, რომ უკრაინას გარკვეული უპირატესობები ენიჭება მისი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო და ჩვენ ამას ვიზიარებთ, თუმცა სხვა შემთხვევებში ვერაფრით დავეთანხმებით ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლის მომსწრენიც ვიყავით, მაგალითად, შარშან. სამართლიანობა მოითხოვს, სწორად იქნას აღიარებული ჩვენი პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციამაც ვერ მოუძებნა პრაქტიკულად ვერანაირი არსებითი ხინჯი და ვერ მოახერხა, როგორც სჩვევია მას, გაებაიბურებინა ის შედეგი, რომელიც დადო ქართულმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

კითხვაზე, ოპოზიციის დამოკიდებულება, რომ უმეტესად მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება და ამ მხრივ მიღწევების შედეგი წინა მთავრობების დამსახურებაა, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, შევსებული კითხვარის მიხედვით იყო შეფასებული საქართველო.

„რას ნიშნავს ტექნიკური და არატექნიკური, ის კითხვარი, რაც იქნა შევსებული, იმის მიხედვით იყო შეფასებული საქართველო და ეს ტექნიკური იქნება, სექტორული თუ სხვა მიმართულება, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ სწორედ ისეთ სამართლიან აღქმად ევროკომისიის მხრიდან, როგორსაც იმსახურებს საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის გაუთავებელ ყრანტალს და ცდას იმისას, რომ დააზიანოს რამენაირად ჩვენი ქვეყანა, ვფიქრობ, ძალიან მალე აღარ ექნება საფუძველი და გამოეცლება ის ყალბი საფუძველი, რომელზეც ისინი დგანან“, – განაცხადა ოდიშარიამ.