ბექა ოდიშარია - დანიის სახელმწიფომ დემოკრატიის ფესტივალის დაფინანსებით პროპაგანდის ხელშეწყობა მოახდინა, უხეშად ერევიან ქართულ პოლიტიკაში
დანიის სახელმწიფომ „დემოკრატიის ფესტივალის“ დაფინანსებით პროპაგანდის ხელშეწყობა მოახდინა, უხეშად ერევიან და ჩაერივნენ ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„დემოკრატიის ფესტივალი არჩევნებში არა ჩარევის მცდელობა, არამედ უხეში ჩარევაა, ძალიან დასანანია, რომ ასეთი ევროპული ტიპის დემოკრატია, რომელსაც წარმოადგენს დანიის სახელმწიფო, გათვითცნობიერებულად, ვერაფრით ვიფიქრებ, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ ეს პუბლიკა, ისთებლიშმენტი, მეხუთე კოლონა თავისი აქსესუარებით მიშა სააკაშვილის, მსჯავრდებულის ბანერით იქნებოდა წარმოდგენილი. მათ მოახდინეს ამ პროპაგანდის ხელშეწყობა დაფინანსებით და ისინი უხეშად ერევიან და ჩაერივნენ კიდეც ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არჩევნების დასრულებისას ამ ინსტიტუციას, ყოველ შემთხვევაში, და ამ წარმომადგენლობას არ ვცნობთ და ვერ ვცნობთ – და ამის მორალური, ყველანაირი უფლება გვექნება – სამართლიან მსაჯულად“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, მიშა სააკაშვილს ვერავინ გაათავისუფლებს, ვერც დანიის სახელმწიფო, ვერც მისი ბანერები, ვერც შინაარსიდან დაცლილი კამპანიები.
რაც შეეხება იმას, რომ „დემოკრატიის ფესტივალზე“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, როგორც ბექა ოდიშარია აცხადებს, „ყველაფერი მოსვარეს, ყველაფერი გაანადგურეს, პოლიტიკურ ველზე ადგილს ვერ პოულობენ. ახლა ფესტივალებით და, რა ვიცი, ალბათ მერე რთველზეც, ვენახში გამოაკრავენ მიშა სააკაშვილის ბანერს. მიშა სააკაშვილს ვერავინ ვერ გაათავისუფლებს, ვერც დანიის სახელმწიფო, ვერც მისი ბანერები, ვერც ეს რაღაც ყოველგვარი ძალიდან და შინაარსიდან დაცლილი კამპანიები, რადგან მიშა სააკაშვილს, საქართველოს სახელით, ქართველი ხალხის სახელით დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა წარსულშიც და ახლაც, იმის მიხედვით, თუ რა დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.