ბექა ოდიშარია - ჩვენი ვარაუდით, არის მიზანი, ფარცხალაძის თემა დარჩეს დღის წესრიგში, რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელზეც მარტივად შეიძლება, გადაწყვეტილება მიღებული იყოს
ჩვენი ვარაუდით, არის მიზანი, ფარცხალაძის თემა დარჩეს დღის წესრიგში და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც მარტივად შეიძლება, იყოს გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახური მოკვლევას დაასრულებს და დასკვნები გაკეთდება, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი დასანქცირება ან მოხდება, ან არა.
„ჩვენ პოლიტიკურ პროცესს და იმ განცხადებებს მივყვებით, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებდა. საკითხს თუ ქრონოლოგიურად და ობიექტურად გავყვებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ელოდებოდა დაუყოვნებლივ იუსტიციის სამინისტროსგან შესაბამის დასკვნას, რის საფუძველზეც მოახდენდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმებას. იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა პრეზიდენტის მოწოდება და მას უმოკლეს ვადაში, პრაქტიკულად, მეორე დღეს მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ პაუზამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ამ პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია ამ პოზიციაში ერთმანეთს დაემთხვნენ. ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ და ობიექტური მიზეზები გვაინტერესებს, რადიკალური ოპოზიცია კი მას ბრიყვს, არაკვალიფიციურს უწოდებს, შეურაცხყოფებს აყენებს, როგორც ამას აკეთებდნენ მისი არჩევნების დროს. როდესაც სჭირდებათ, ქალბატონ სალომესთან დაძუნძულობენ, როდესაც ხვდებიან, რომ მათთვის რაღაც სასარგებლოდ არ ხდება, იმ წუთას დედის გინებაზე გადადიან.
სამართლებრივი საკითხი განიმარტა, ერთი მეორეს ხელს არ უშლის არავითარ შემთხვევაში. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს აგებს კიდეც სრული სიმკაცრით მართლმსაჯულების წინაშე. ახლა ჩვენ ვარაუდი გვაქვს, რომ მიზანი არის მხოლოდ ის, რომ ეს თემა დღის წესრიგში დარჩეს და რადიკალურ ოპოზიციას კვლავ მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივად შეიძლება, გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახური მოკვლევას დაასრულებს და დასკვნები გაკეთდება, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი დასანქცირება ან მოხდება, ან არა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. ამასთან, 20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნა. 22 სექტემბერს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს, მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების, წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს“.