ბექა ოდიშარია - ჩვენ გვაქვს გამოწვდილი ხელი და ძალიან მძიმეა, როდესაც მუდმივად გამოწვდილ ხელზე გირტყამენ და ამბობენ, ჩვენ ვართ დასავლელები, თქვენ პრორუსებიო
ჩვენს მეგობრებამდეც კი მივიდა, თითქოს რაღაცას უგულებელვყოფთ. ჩვენ გვაქვს გამოწვდილი ხელი და ძალიან მძიმეა, როდესაც მუდმივად გამოწვდილ ხელზე გირტყამენ და მერე ამბობენ, რომ ჩვენ ვართ დასავლელები, თქვენ პრორუსებიო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის დამტკიცება მიმდინარეობს.
ოდიშარიას თქმით, ის მხარს უჭერს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან მან არაერთხელ განმუხტა ქვეყანაში არსებული რთული ვითარება.
„დასავლური ცივილიზაცია დგას რამდენიმე ჰიპოსტაზზე, ერთი არის რომაული სამართალი, რომელსაც არად დაგიდევენ, ბერძნული აგორა გახლავთ და აგერ არის, ბატონო ჩემო ბერძნული აგორა და მობრძანდნენ, თუ ვინმეს უნდა. ძალიან მიამიტი უნდა ვიყო, ვიფიქრო, რომ ქრისტიანობაზე ექნებათ განსაკუთრებული პოზიცია. ჩვენს მეგობრებამდეც კი მივიდა, თითქოს რაღაცას უგულებელვყოფთ. ჩვენ გვაქვს გამოწვდილი ხელი და ძალიან მძიმეა, როდესაც მუდმივად გამოწვდილ ხელზე გირტყამენ და მერე ამბობენ, რომ ჩვენ ვართ დასავლელები, თქვენ პრორუსებიო. თანავუგრძნობ იმათ, ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი მუდამ უფრო წინ აქვთ, ვიდრე ქვეყნის დღის წესრიგი. ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, მერე იმ ხალხის წინაშე, ვინც თვალებში შემოგვცქერის და მერე პოლიტიკური ოპონენტების მიმართაც. მხარს ვუჭერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ერთვებოდა ისეთ ექსცესებში, რომელიც მაშინაც საზრდოობდა ხელოვნური წყაროებით. როგორც შს მინისტრი ახერხებდა, სიტუაცია განემუხტა კონფლიქტების გარეშე. ვუჭერ მხარს ადამიანს, რომლის აქტივში ჩაწერილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რამაც მოიტანა ვიზალიბერალიზაცია. მხარს ვუჭერ ჩემს პროფილურ სამინისტროს-ზალკალიანს, ურთიერთობის იმ ფორმას, რაც გაგვაჩნია დიპლომატიურ კორპუსთან. მე ვუჭერ მხარს იმ წარმოდგენილ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ევროპული საქართველოს მშენებლობას“, – განაცხადა ოდიშარიამ.