ბექა ოდიშარია - ჩინეთის განცხადებამდეც კარგად იყო ჩვენთვის ცნობილი, რას წარმოადგენს „ნედი“, ის ავრცელებს დემოკრატიას იმგვარად, როგორც ეს შედის ამერიკის ხელისუფლების ინტერესში
ბექა ოდიშარია - ჩინეთის განცხადებამდეც კარგად იყო ჩვენთვის ცნობილი, რას წარმოადგენს „ნედი“, ის ავრცელებს დემოკრატიას იმგვარად, როგორც ეს შედის ამერიკის ხელისუფლების ინტერესში

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდეც კარგად იყო ჩვენთვის ცნობილი, რას წარმოადგენს „ნედი“, რომ ის მოქმედებს, აგერ უკვე 40 წელიწადზე მეტია, ამერიკის ხელისუფლების დაფინანსებით, მათ შორის, კონგრესის ასიგნებებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „„ნედი“ მოქმედებს და ავრცელებს დემოკრატიას იმგვარად, როგორც ეს შედის ამერიკის ხალხის და ხელისუფლების ინტერესში“.

„ამერიკა დიდი სახელმწიფოა, მას აქვს მუდმივი ინტერესები, მათ შორის გეოპოლიტიკურიც. ჩვენთვის უბრალოდ გასაკვირი და დასანანია, რომ ძალიან ხშირად ექსტრემისტული ქართული „ენჯეოების“ უკან ვაწყდებით „ნედის“ ხელშეწყობასა და ძალიან მსუყე დაფინანსებას. თუმცა, მოვუწოდებდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ისევე როგორც ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, თავი შეიკავოს ასეთი ტიპის ორგანიზაციების ხელშეწყობისაგან, რადგან მათი მავნებლობა ამერიკის მუდმივ ინტერესებში არ შედის, მის ინტერესებშია სტაბილური და განვითარებული საქართველო რეგიონში, რომელიც არის მყარი დასაყრდენი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის. რაც შეეხება ჩვენს ვირთაგვა „ენჯეოებს“, რომლებიც მსუყედ ფინანსდებიან „ნედისგანაც“ მათ შორის, შეგახსენებთ „ისფედს“ და სხვებს, რომლებმაც მძლავრი დარტყმა მიაყენეს, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს, როცა მათ ეს ხელეწიფებოდათ, თუმცა, მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის და ხელისუფლების მყარი პოზიციების გამო ეს არ გაუვიდათ.

ვფიქრობ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა და ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს ხალხი, ეს ქართველი „ენჯეოები“, ამერიკელი ხალხის და სხვათა ფულის მხრელები არც მეგობრებად გამოდგებიან, არც პარტნიორებად და არც დავალების შემსრულებლად. რაც შეეხება „ნედს“, ერთი რამ, რაც დადებითია, და მოვუწოდებდი ჩვენს „ენჯეოებს“, მილიონერ „ენჯეოებს“, რომლებსაც ქუდიც აეწვათ და სხეულის სხვადასხვა ნაწილები გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით, მიბაძონ „ნედს“, რომელსაც აქვს უმაღლესი სტანდარტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების და ანგარიშგების ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის მიმართ, მათ შორის, ისინი ვალდებული არიან, წარდგნენ მოხსნებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინაშე, მიბაძონ მათ და ასევე ჩაბაარონ ქართველ ხალხს ანგარიში, და არა ისე სკრუპულოზურად, როგორც ამას „ნედი“ ახერხებს. „ნედმა“ 2023 წელს მიიღო კონგრესის ასიგნებებით 315 მილიონი დოლარი და ყოველ დოლარ-ცენტზე გააკეთეს სკრუპულოზური ანგარიში როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კონგრესის მიმართ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.