ბექა ოდიშარია - ადამიანების რეიტინგს განაპირობებდა „ქართული ოცნების“ ავანგარდში ყოფნა, გახარიას რეიტინგიც ამით იზომებოდა
ბექა ოდიშარია - ადამიანების რეიტინგს განაპირობებდა „ქართული ოცნების“ ავანგარდში ყოფნა, გახარიას რეიტინგიც ამით იზომებოდა

ბევრი „იმედისმომცემი“ გამოყოფა ყოფილა, მაგრამ ამ ადამიანების რეიტინგს განაპირობებდა „ქართული ოცნების“ ავანგარდში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ გიორგი გახარიას პარტიის წარმატების შანსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას რეიტინგი იზომებოდა იმით, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე.

„ზოგადად, ადგილობრივი არჩევნები სპეციფიკურია, იოლი გასეირნება არასდროს არავისთვის ყოფილა, მათ შორის არც ჩვენ შევყურებთ ამას ასე უბრალოდ. ჩვენ ხალხთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში ვართ. რაც შეეხება ახალ პარტიას, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ალბათ გარკვეული სეგმენტი დაუჭერს მხარს, მაგრამ ეს ვერაფრით იქონიებს ზეგავლენას „ქართული ოცნების“ რეიტინგზე. მერწმუნეთ, ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, ძალიან ბევრი „იმედისმომცემი“ გამოყოფა ყოფილა, პარტიების შექმნა, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ამ ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების რეიტინგს განაპირობებდა „ქართული ოცნების“ ავანგარდში ყოფნა და არა მათი პიროვნული რეიტინგი. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ დაახლოებით 47-48 პროცენტს აიღებს.

ბიძინა ივანიშვილი ყველაზე რეიტინგული ფიგურა იყო თავის დროზე, როდესაც ის პოლიტიკაში გახლდათ. წარსულშიც იყო და ახლაც ძალიან რეიტინგულია ირაკლი ღარიბაშვილი, არის კახი კალაძე, არის ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავა და სხვები. ეს ბუნებრივიცაა, აქ არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის. ბატონ გიორგი გახარიას რეიტინგი იზომებოდა იმით, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.