ბექა ოდიშარია - დარჩიაშვილს და მის მეგობრებს მონოპოლიზებული ჰქონდათ პროდასავლურობა, ახერხებდნენ პარტნიორების მოტყუებას, სამაგიეროდ ვიღებდით წარმოუდგენელ მდგომარეობას ქუჩებში, ციხეებში
არ მგონია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ ნებისყოფა, პასუხისმგებლობა, რომ შეცდომები, რომლებსაც ისინი ეძახიან შეცდომებს, დანარჩენი ქვეყნისთვის კი წარმოადგენს პირწმინდა დანაშაულს, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ საკუთარ თანამოქალაქეებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, დასანანია, რომ დავით დარჩიაშვილსა და მის მეგობრებს მონოპოლიზებული ჰქონდათ პროდასავლურობა და ყოველთვის ახერხებდნენ პარტნიორების მოტყუებას.
„ისინი მუდმივად, სხვადასხვა ხერხით გადადიან კონტრიერიშზე, მათ შორის შეცდომებად მოხსენიება ერთია, მეორეა სტრასბურგზე იერიშის მიტანა და ეს არახალია. ყორღანაშვილებთან შედარება ადამიანის, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ იქნა არა დასჯილი, არამედ შუასაუკუნეების მეთოდით მოკვდინებული, მის მიმართ ასეთი ტიპის ნარატივის გაჟღერება არის კიდევ ერთხელ ამ ადამიანის, მისი ოჯახის წევრების და გულშემატკივრების მოკვდინება და გარდაცვალება. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა ყოველ ჯერზე, როდესაც მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ემთხვევა ადამიანის უფლებათა სასამართლოს, მუდმივად მოახერხონ და შეეცადონ ამ უწყების დისკრედიტაციას. ძალიან დასანანია, რომ საქართველოდან ისმის ასეთი ხმა. ყველაზე დასანანი კი ისაა, რომ წლების განმავლობაში დარჩიაშვილს და მის მეგობრებს მონოპოლიზებული ჰქონდათ პროდასავლურობა და ამ პროდასავლურობის ყალბი დროშით ყოველთვის ახერხებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოტყუებას, თავის მოქონვას თუ შეცდომაში შეყვანას, სამაგიეროდ კი ვიღებდით აბსოლუტურად წარმოუდგენელ მდგომარეობას ქუჩებში, ციხეებში“, – განაცხადა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მისმა წევრებმა განაპირობეს გულწრფელი პროდასავლური მისწრაფებების გარკვეული დევალვაციაც.
„ახლა, „ქართული ოცნების“ პირობებში ყველაფერი მწყობრშია ჩამდგარი და საკუთარ რელსებზე დგას, როგორც ქვეყნის განვითარება, ისე პროდასავლური მისწრაფებები. დღეს მარტივ მამრავლებად დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უხვად არიან ლიდერები, რომელთა უინტელექტო გამონათქვამები შეიძლება, წამოცდენებს მივაწეროთ, მაგრამ დავით დარჩიაშვილი, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, არ გამოირჩეოდა ინტელექტის ნაკლებობით, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არ არის წამოცდენა. ეს არის მისი გულწრფელი მოსაზრება, ამავდროულად, ის წარმოადგენს ფრთას, რომელიც მონოპოლიზებას ახერხებდა წლების განმავლობაში პროდასავლური დროშის ფსევდოფრიალით. პროდასავლელებად ასაღებდნენ თავს, ახერხებდნენ ქვეყანაში მომხდარიყო ტოტალიტარული სისტემის გამყარება, მომხდარიყო ადამიანების უფლებების ტოტალური დარღვევა და განხორციელებულიყო დიქტატურა“, – განაცხადა ოდიშარიამ.
დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.