ბექა ოდიშარია - არის ნაწილი ადამიანებისა, თავის დროზე ყუმბარებს ნატრობდნენ ქართულ ცაზე და ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს არსებობს სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება, ყველაფერი საპირისპიროდ აღმოჩნდა
ბექა ოდიშარია - არის ნაწილი ადამიანებისა, თავის დროზე ყუმბარებს ნატრობდნენ ქართულ ცაზე და ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს არსებობს სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება, ყველაფერი საპირისპიროდ აღმოჩნდა

ჯიმ ’ბრაიენმა და კუმარ აიერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ძალიან ღირებული რამ თქვეს. ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თუ ვინმე სკეპტიციზმით იყო განმსჭვალული, ახლა იქნება დარწმუნებული და აბსოლუტურად მშვიდად, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს სწორედ ისე, როგორც ეს ეკუთვნის მყარ პარტნიორს რეგიონში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ახლა გარკვეული დროით ჩაიგუბებს პირში წყალს და მორჩება ამ მიმართულებით მავნებლობას.

„ჩვენ მოლოდინიც ასეთი გვქონდა. დიდი ხანია, საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ მავნებელი ოპოზიციის მიერ იყო შეთითხნილი ნარატივი იმის შესახებ, თითქოს რაღაც ხვრელები არსებობს და სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას ვაძლევთ რუსეთს, არ ვიცი, ზეცის არხებით, საზღვრის თუ სხვადასხვა არხით.

განსხვავებით ამ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ე.წ. პოლიტიკოსებისგან, ამ მიმართულებით არიან ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანები, ისინი არიან მაღალჩინოსნები, ერთ-ერთია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ’ბრაიენი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალურ დირექტორთან, კუმარ აიერთან ერთად ჩამოვიდა. ამ ორმა ადამიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ძალიან ღირებული რამ თქვა. ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თუ ვინმე სკეპტიციზმით იყო განმსჭვალული, ახლა იქნება დარწმუნებული და აბსოლუტურად მშვიდად, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს სწორედ ისე, როგორც ეს ეკუთვნის მყარ პარტნიორს რეგიონში. საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ძლიერი, კომპლექსური სისტემა, რომელიც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აქ მოგვეცემა ყველანაირი შესაძლებლობა, არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება – ეს არის მათი ერთობლივი განცხადება. ვფიქრობ, ოპოზიცია ახლა გარკვეული დროით ჩაიგუბებს პირში წყალს და მორჩება ამ მიმართულებით მავნებლობას. ისე, სხვა მიმართულებები აქვთ შერჩეული, გზა ხსნილი აქვთ და ამას სჩადიან კიდეც პერმანენტულად.

არ მგონია, რაიმე პოლიტიკურ ჯგუფს, მით უმეტეს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის, დეპუტატებს ჰქონდეთ რაიმე სურვილი, გაიგონ ჭეშმარიტება საკითხის ირგვლივ და ვერ მიიღონ ინფორმაცია. უბრალოდ, როგორც მოგახსენეთ, არის ერთი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც თავის დროზე ყუმბარებს ნატრობდნენ ქართულ ცაზე და შემდეგ მართლაც კომპლექსურად ავრცელებდნენ ამ ნარატივს, რომ არსებობს რაღაც ხვრელები და სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება. ყველაფერი საპირისპიროდ აღმოჩნდა.

საკითხი რატომ არის კომპლექსური? ადაპტაციას აკეთებს ყოველთვის ვინმე, ვისაც სურს, რომ რაიმე უკანონო გააკეთოს, მაგრამ ამას მისდევს სისტემა კვალდაკვალ და ყოველ ჯერზე აღკვეთს. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ჩვენი პარტნიორები, მეგობრები, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, ძალიან დიდი გამოცდილებით, ასეთი ტიპის ურთიერთობაში შემოდიან ქართველ სამართალდამცველებთან, საქართველოს მთავრობასთან და კონსულტაციების ეს სახე, თანამშრომლობის ფორმა არის ძალიან ნორმალური, რადგან ჩვენ გვჭირდება მათი გამოცდილება, მათი ხედვების გაზიარება, მათ სჭირდებოდათ ის, რაც ნახეს ადგილზე და მათთვისაც დიდი გამოცდილებაა, რადგან ჩვენ მოსაზღვრენი ვართ რუსეთის, თუმცა აქაც, გეოგრაფიას რომ დავაკვირდეთ, ხშირად იყო ისეთი ბრალდებები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. არიან ქვეყნები, რომლებსაც საერთოდ არ სჭირდებათ საქართველოს და არც ლარსის გამშვები პუნქტის გამოყენება. რას ვიზამთ, გვყავს ოპოზიცია, რომელიც ძალაუფლების ხელში აღების სურვილით შეპყრობილი ნებისმიერ რამეს დააბრალებს საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს და ხელისუფლებას ხომ საერთოდ არ დაინდობს და არც ინდობს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.