ბექა ოდიშარია - არც ბრიტანეთი, გერმანია, არც სხვა ევროპული ქვეყნები და ამერიკა არავის გააძარცვინებენ საკუთარ გადასახადების გადამხდელებს, დამნაშავეს მკაცრად აგებინებენ პასუხს
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება სანდოა.
მისივე თქმით, ფაქტი, რასაც გამოძიება ეხება, ძალიან მძიმეა.
„ეს არ არის კეზერაშვილის ტელევიზიად წოდებული კანტორა, ეს არის დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მედიაკომუნიკაციაში არ მახსენდება, რომ„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მით უმეტეს, ჟურნალისტური გამოძიება ყოფილიყო ყალბი და არ ყოფილიყო ფაქტებზე დაყრდნობილი. როგორც წესი, ის სრულდება 99-პროცენტიანი ალბათობით. ამ დანაშაულის გამო არა მხოლოდ ვწუხვარ და ჩემთვის ამაზრზენია, არამედ ჩვენს ქვეყანასაც ჩირქს სცხებს, რადგან გერმანული, ბრიტანული და ევროპული პრესა ისეთ ფაქტებზე წერს, რომლის დაჯერებაც წარმოუდგენელია. არის დიალოგები, როგორ მზაკვრულად და არაადამიანურად ხდებოდა ასაკოვანი, ზოგ შემთხვევაში, დაავადებული ადამიანების მოტყუება და გაძარცვა. ეს არის გულის ამრევი, ამის სიტყვებით გამოხატვა ძალიან ძნელია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამასთან, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ „ქოლცენტრების“ საქმეზე გამოძიების პროცესში ქართველ სამართალდამცველებს ოპოზიციის მხრიდან სასაყვედურო არ აქვთ.
„ოპოზიციის განცხადებას რაც შეეხება, თუ სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, ხალხს ტელევიზორი აქვს და ნაჩვენები იყო, როცა ახლახან შვიდი ადამიანი დააკავეს კეზერაშვილის „ქოლცენტრში“. ჩატარდა პრესკონფერენცია, რომელსაც დაესწრო გერმანიის ელჩის მოადგილე, ასევე, გერმანელი და ქართველი სამართალდამცველები. გერმანიის ელჩის მოადგილემ ათეულობით ქართველ სამართალდამცველს მადლობა გადაუხადა და დამარცვლით თქვა, რომ პროცესში მონაწილეობდნენ გენერალური პროკურატურა, შსს, უშიშროების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო. ოპოზიციის მხრიდან თქმა, გამოძიებას დაველოდოთო – რაღაც არ მახსენდება, რომ მათი ტელევიზიები რაიმეს დალოდებოდნენ. ვინ მოთვლის, უაპელაციოდ რამდენი ადამიანისთვის აქვთ განაჩენი გამოტანილი და გული გახეთქილი პატიოსანი ხალხისთვის. კი ბატონო, გამოძიებას დაველოდოთ. ქართული მართლმსაჯულების მჯერა და მობრძანდეს, აქ ამტკიცოს კეზერაშვილმა, რადგან „ქოლცენტრის“ თანამშრომლების დაკავება პირველად აქ მოხდა. თუ უნდა, ბრიტანულ სასამართლოში ამტკიცოს. რეზოლუციაში რომ გვხვდება კეზერაშვილი, როგორც მედიადევნილი, ეს არის ოქსიმორონი. ეს არის გაუთვითცნობიერებელი ხალხის ან დაფინანსებული ლობისტების პოზიცია. ვიმედოვნებ, ამ ხალხმა ფაქტებს არ მიაქცია ყურადღება, სიღრმეებს არ ჩაეძია და უბრალოდ აჰყვა იმ 10-15 ლობისტს, რომელთა მიკერძოებაში ეჭვი არ გვეპარება. ეს ადამიანები არ არიან საქართველოს მეგობრები, არიან „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და მნიშვნელობა არ აქვს, ევროპაში რა პოზიციებს იკავებენ.
პირველ შემთხვევაში, როცა იარაღის ვაჭრობის „ქეისი“ იყო, მას არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული პირები, რომლებიც ადამიანების დონეზე მოითხოვენ ზარალის ანაზღაურებას, ზიანდებოდა ქვეყანა და დაზიანდა კიდეც, რადგან განიავებული იყო თავდაცვის ბიუჯეტი, გაიძარცვა ქართული ჯარი, მაგრამ ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, იარაღის ვაჭრობაში მარტო ვერ იქნებოდა ჩართული, მფარველები ეყოლებოდა. იქნებოდნენ მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, რომელთაც ის იმ „ქეისიდან“ გამოიხსნეს, მაგრამ პენსიონრების „ქეისი“ ძალიან გაუჭირდებათ, თუ დადასტურდა. დასავლური სამყარო დგას გადასახადების გადამხდელებზე, რომელთა ძარცვა, გლეჯა გაცილებით დიდი დანაშაულია, ვიდრე ნებისმიერი საბიუჯეტო ქურდობა ან სხვა რამ. ზოგადად, დასავლური საზოგადოების აღქმაშიც ეს ასეა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, არც ბრიტანეთი, არც გერმანია და არც სხვა ევროპული ქვეყნები, ისევე როგორც ამერიკა, არ დაუშვებენ და არავის დააჩაგვრინებენ, არ გააძარცვინებენ საკუთარ გადასახადების გადამხდელებს. მკაცრად აგებინებენ პასუხს დამნაშავეს, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავ და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.