ბექა ოდიშარია - ადამიანები, რომლებიც ათეულობით მილიონით ფინანსდებიან და გამჭვირვალობის სახელით უტევენ ქართულ პოლიტიკას, მიუღებლობით პასუხობენ კითხვას ამ ფულის წარმომავლობაზე
ჩვენ მივდევდით ე.წ. ფარას კანონს, გვსურდა ანალოგი გაგვეკეთებინა, რათა თავი დაგვეცვა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა და ახალგაზრდა თანამოქალაქეებმა ეს ვერ შეაფასეს სათანადოდ ობიექტურად, რადგან მათ ხელს უწყობდნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ფულით, ათეულობით მილიონით ფინანსდებიან და გამჭვირვალობის სახელით უტევენ ქართულ პოლიტიკას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობის სახელით უტევენ ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“, აბსოლუტურად მიუღებლობით პასუხობენ კითხვას მათი ფულის წარმომავლობის შესახებ.
„მკაფიო წარმოდგენა მაქვს და შეხედულება ამ საკითხის ირგვლივ, თუმცა ამ პერიოდში თავს შევიკავებდი განსაკუთრებული მკვეთრი შეფასებებისგან. ხდება ასეთნაირად პოლიტიკაშიც, ცხოვრებაშიც, ის, რაც დაშვებულია იუპიტერისთვის, დაუშვებელია ხარისთვის. ჩვენ არ გვქონია არანაირი აუგი განზრახვა, ჩვენ მივდევდით ე.წ. ფარას კანონს, რომელსაც ჩვენ ძალიან ვემადლიერებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევიტყობდით ალასანიების ოჯახზე, სააკაშვილის და მათი პარტნიორების, თანაპარტიელების განზრახვებს, როდესაც, მათი გამოცხადებული ქრონიკით, სააკაშვილის ვითომ სიკვდილი აზიანებდა საქართველოს ევროპულ მომავალს და ბევრ სხვა რამეს კიდევ. ჩვენ გვსურდა რაღაც ანალოგი გაგვეკეთებინა, რათა თავი დაგვეცვა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა, ასევე, ყველაზე მძიმე რაც იყო, ჩვენმა ახალგაზრდა თანამოქალაქეებმა ეს ვერ შეაფასეს სათანადოდ ობიექტურად, რადგან მათ ხელს უწყობდნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ფულით, ათეულობით მილიონით ფინანსდებიან. ეს ადამიანები გამჭვირვალობის სახელით უტევენ ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“, მაგრამ როგორც კი მათ მიმართ კითხვა ჩნდება, თუ საიდან არის მათი ფულის წარმომავლობა და კიდევ უარესი, რაში ხარჯავენ ისინი ამას, აბსოლუტურად მიუღებლობით პასუხობენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.