ბექა ოდიშარია - 27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის დღე, დაწესდა პრემიაც, ვიმედოვნებ, ღვაწლმოსილი პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოებულნი
27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის დღე, დაწესდა პრემიაც, ვიმედოვნებ, ღვაწლმოსილი პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოებულნი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, გამოვეხმაურო და მივესალმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონ გიორგი ამილახვარის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას – ამიერიდან 27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა პრემიაც.
ადამიანებს თუ რამ გაგვაჩნია საუკეთესო, ეს არის ჩვენი ოჯახის, ჩვენი მშობლებისა და წინაპრებისაგან. ასევე, ლომის წილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებმაც არ დაიშურეს ენერგია და ძალისხმევა ჩვენს აღზრდასა და განათლებაში.
მე მიხარია, რომ ეს ძვირფასი ადამიანები, რომლებიც მე მასწავლიდნენ, ასწავლიან ჩემს შვილებსაც. ზოგიერთ მათგანს ახსოვს მამაჩემის თაობაც პირველ სკოლაში.
მინდა, ვიმედოვნო, რომ ასეთი ღვაწლმოსილი, გამორჩეული და დაფასებული პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოებულნი“, – წერს ბექა ოდიშარია „ფეისბუქზე“.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესება საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება.