ბექა ნაცვლიშვილი - სოციალური აგენტები ძალიან მალე იძულებული გახდებიან, გაიფიცნონ, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ფეხებზე ჰკიდია
სოციალური აგენტები ძალიან მალე იძულებული გახდებიან, გაიფიცნონ, პირდაპირ გეუბნებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ფეხებზე ჰკიდია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სასწრაფოდ უნდა შეხვდეს სოციალურ აგენტებს.
„სოლიდარობას ვუცხადებ სოცაგენტებს. დიდი ხანია, ეს ადამიანები ადამიანურ ხელშეკრულებას ითხოვენ. მათი დამსაქმებელი ჯანდაცვის სამინისტროა და მათ დღემდე ხელშეკრულებები არ გააჩნიათ. მათი ანაზღაურება 180 ლარია. მათ მოითხოვეს მედიაცია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო პასუხობს, რომ მედიატორის ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს და მათ დააყენეს საკითხი, რომ მოითხოვეს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა. ჯანდაცვის მინისტრს მივმართავ, რომ როცა მიმდინარე კვირაში მობრძანდება, როგორც პირობა აქვს დადებული, პასუხი გასცეს კითხვებს, რატომ არ აქვთ დღემდე იურიდიულად გამართული სამუშაო ხელშეკრულებები სოცაგენტებს, რატომ არის დღემდე მათი ანაზღაურება 180 ლარი, რატომ უწევთ მაღალმთიან რაიონებში თავიანთი ტრანსპორტით წასვლა და რატომ არ არიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით, რათა ისედაც მიზერული ხელფასი ტრანსპორტში არ დაეხარჯოთ. მოვითხოვ, ეკატერინე ტიკარაძისგან, რომ სასწრაფოდ შეხვდეს. ეს ხალხი ძალიან მალე იძულებული გახდება, რომ გაიფიცოს. პირდაპირ გეუბნებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ფეხებზე კიდია. ცუდი სოციალური პოლიტიკის გამო, მოსახლეობა პასუხს სთხოვს სოცაგენტებს, ადამიანებს, რომლებიც ამოწმებენ მათ მდგომარეობას ფორმალურად. ჯანდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები კი გაბღენძილები სხედან, თითქოს, ეს სოციალური პოლიტიკა მათი ბრალი არ არის და ხელს იშვერენ აგენტებისკენ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.