ბექა ნაცვლიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები თუ ჩავარდა, დამნაშავეები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და „ქართული ოცნება“
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი ფრაქციიდან ექვსი დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს.
ნაცვლიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები თუ ჩავარდება, პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ დაეკისრებათ.
„ჩვენი ფრაქციიდან ექვსი დეპუტატი ცალსახად ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, ორი დამნაშავე ეყოლება – ერთი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე – „ქართული ოცნება“. აქედან გამომდინარე, როდესაც არის საუბარი, ჩავარდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილება, ამ ქვეყანაში ორი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალაა – „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“, რომელიც მონაწილეობას არ იღებს კენჭისყრაში და „ქართული ოცნება“, რომელმაც შეიძლება, რამე ფანდი გაათამაშოს და თქვას, რომ ვიღაცას ფეხი ეტკინა, ვერ მოვიდა. რაოდენობრივი თვალსაზრისით, მიჯნაზე ვართ ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი უნდა დაუჭირონ და მათი მხარდაჭერის საფუძველზე გავიდეს ეს საკინსტიტუციო ცვლილება“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.