ბექა ნაცვლიშვილი რომან გოცირიძეს - მეც მოწინააღმდეგე ვარ კანონპროექტის, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ართმევდა ხალხს ქონებას
რომან გოცირიძემ ახსენა, რომ გახარია „აირზენას“ ქონებას ემუქრებაო, საგანგებო მდგომარეობა არ იყო გამოცხადებული ხოლმე, ბატონო რომან, და „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ართმევდა ხალხს ქონებას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, თავადაც ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.
„ერთ რაღაცაზე გამეცინა, ბატონმა რომან გოცირიძემ ახსენა, რომ გახარია „აირზენას“ ქონებას ემუქრებაო, პერიფრაზის სახით ვიტყვი. საგანგებო მდგომარეობა არ იყო გამოცხადებული ხოლმე, ბატონო რომან და „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ართმევდა ხალხს ქონებას. ამიტომ ეს ახლა ზოგადად მოსატანი არ არის. მეც მოწინააღმდეგე ვარ კანონის, რაც არის შემოტანილი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ მომხსენებლისგან, დიმიტრი ხუნდაძისგან ცვლილების განხორციელებაზე არგუმენტი ვერ მოისმინა.
„ყველამ ალალად დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. მეტსაც გეტყვით, უფრო მოწადინებული ვიყავით ხშირ შემთხვევაში, რადგან თქვენ კოლეგებს, თქვენი ფრაქციიდან და უმრავლესობიდან უფრო სჭირდებოდათ დარწმუნება საგანგებო სიტუაციის მხარდაჭერაში, ვიდრე ამ შემთხვევაში ოპოზიციაში მყოფ დეპუტატებს.
აქედან გამომდინარე, ეს არგუმეტნი არ არის. თუ არჩევნებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ლაპარაკობთ, არჩევნები აქ საერთოდ მოსატანი არ იყო, რადგან წარმოიდგინეთ, თქვენ კონსტიტუციურ ნორმებს აუქმებთ, კონსტიტუციას უგულველყოფთ, რადგან რაღაც ახალი საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელოთ, სრული პარადოქსია. თუ კონსტიტუცია არსებობს, კონსტიტუციური ნორმების უგულებელყოფა იმიტომ, რომ ახალი საკონსტიტუციო განხორციელდეს, სრული აბსურდია.
ძალიან გთხოვთ, დაგვიტოვეთ გადაწყვეტილების მიღების უფლება საგანგებო მდგომარეობაზე, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენც გვინდა იგივე წარმატება ამ ქვეყნის გავიზიაროთ და წარუმატებლობაზეც პასუხისმგებლები ვართ, თუ ჩვენი გადაწყვეტილებით რაიმე წარუმატებლად დასრულდება“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.