დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დასახელება, „ქართულ ოცნებაში“ საკადრო დეფიციტზე მიუთითებს.
მისი თქმით, ყველას ახსოვს, რატომ გადადგა ირაკლი შოთაძე აღნიშნული თანამდებობიდან.
„ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ირაკლი შოთაძის პროკურატურიდან წასვლა უკავშირდებოდა სარალიძის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ამ კომისიის დანიშვნა იმაზე მეტყველებს, რომ პროკურატურაში სწორად ვერ მიმდინარეობდა გამოძიება. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკადრო დეფიციტი, რადგან ის ვერ პოულობს შესაბამის კანდიდატურებს და ერთადერთი კანდიდატურა შერჩა – ირაკლი შოთაძე, როცა სწორედ ისეთ საქმეს უკავშირდება მისი წასვლა პროკურატურიდან, რაზეც საგამოძიებო კომისია დაინიშნა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია არ იქმნება ისეთ საქმეებზე, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები არ აქვს.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკადრო დეფიციტი“, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი შოთაძე იქნება. საპროკურორო საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტმა, დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი, საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის ცხრა კანდიდატია წარდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.