დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას იბარებს.
როგორც ჟურნალისტებს ნაცვლიშვილმა განუცხადა, ნათია თურნავამ დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში, დეპუტატებს სამთო მომპოვებელ სფეროზე ინფორმაცია და საკუთარი ხედვა უნდა მიაწოდოს.
„ტყიბულში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. კომპანია „საქ-ნახშირ ჯი აი ჯის“ ხელფასების გადახდა არ უნდა უჭირდეს. ნათია თურნავა პარლამენტში უნდა მობრძანდეს და მომპოვებელ სფეროზე მოხსენება გააკეთოს, რადგან ტყიბულში ერთადერთი მსხვილი დამსაქმებელი „ჯი აი ჯი“ არის. პრემიერმა განაცხადა, რომ სამთო მომპოვებელი სფერო ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და ინფორმაციას ვითხოვთ, როგორ აპირებენ ამის განვითარებას. ეს რესურსი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესი დიდია. იმ დათმობების შემდეგ, რა დათმობებზეც სახელმწიფო წავიდა, დამსაქმებელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს, კეთილი უნდა ინებოს და მეშახტეებს ხელფასები სწრაფად უნდა ჩაურიცხოს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.