ბექა ნაცვლიშვილი - მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ფინანსთა სამინისტრო არ გვჭირდება
მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის სამინისტრო საერთოდ არ გვჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრი ყოველთვის აღნიშნავს, რომ მთავარი ამოცანა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა.
ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ დღეს სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღეა და რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში ამ თარიღთან დაკავშირებით ზეიმი, როცა დეპუტატის თქმით, საქართველო ამ მხრივ უთანასწორობით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. დეპუტატმა 1989 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 30 წლის შემდეგაც მაშინდელ მდგომარებაზე უკეთესი მაჩვენებლებიც არ არის.
„იცით ეს რისი ბრალია – თქვენ აქ გამოდიხართ და ყოველთვის საუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. საერთოდ სამინისტრო არ გვჭირდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ კომპიუტერი დადოთ სამინისტროს ნაცვლად, უბრალოდ იქ ციფრები ჩაიწერება, ოდნავ თუ ასცდება დადგენილ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, აინთება წითელი, შემდეგ ეროვნული ბანკი გაასწორებს ამას და სამინისტრო საერთოდ არ გვჭირდება, გავაუქმოთ მაშინ ფინანსთა სამინისტრო, თუ უბრალოდ მაკროეკონომიკური სტაბილურობაა ფინანსთა სამინისტროს მთავარი პოლიტიკის მიზანი და პლუს ასევე ეკონომიკის სამინისტროსი“, – მიმართა დეპუტატმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს და საარსებო მინიმუმის ოდენობაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, საარსებო მინიმუმი ახლა 190 ლარია და ამ თანხით წარმოუდგენელია ადამიანმა იკვებოს და ყველა სხვა აუცილებელი ხარჯი გადაიხადოს, მათ შორის სამედიცინო, კომუნალური, ტრანსპორტის და სხვა.
ბექა ნაცვლიშვილს სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. მისი თქმით, სოციალური სამართლიანობის დღეს საზეიმო ვითარებაში მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოზე ბევრად ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებიც ვერ ხვდებიან.
„სოციალური სამართლიანობის დღეს, რომელიც გაერო-ს ეგიდით აღინიშნება, სულ მცირე, მსოფლიოს 2/3 და მათ შორის ჩვენზე ბევრად ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები საზეიმო ვითარებაში ნამდვილად არ ხვდებიან. დღეს ყველგან განიხილება პრობლემები და გამოწვევები, რომელიც სიღარიბის, დასაქმებისა და სოციალური უთანასწორობის მიმართულებით არსებობს, ამიტომ აქ საჭიროა არა ნიშნის მოგებით საუბარი, არამედ კონკრეტული წინადადებები, ინიციატივები და სწორედ ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში, რომ ეს განვიხილოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული განცხადება მის მიმართ საწყენია, რადგან ჰქონდა შეთავაზებული საპენსიო რეფორმა, რომელიც ნაცვლიშვილის შეფასებით, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების მდგომარეობას გააუმჯობესებდა, ასევე საბინაო პოლიტიკის შეთავაზება უსახლკარობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.