ბექა ნაცვლიშვილი - კონსორციუმისგან ვერ მოვისმინე, ანაკლიის პორტის პროექტი ეკონომიკურად რამდენად გამართული იყო, შეცდომა ორივე მხარემ დაუშვა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ნავსადგური წმინდა პოლიტიკური საკითხი გახდა.
ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, კონსორციუმისგან დღემდე ვერ მოისმინა, ანაკლიის პორტის პროექტი ეკონომიკურად რამდენად გამართული იყო.
„პარლამენტში გვქონდა კონსორციუმის მოსმენა, იქ იყო ძალიან შინაარსობრივი საკითხი, რომელიც მთლიანად ყურადღების მიღმა დარჩა. კონსტიტუციაში ანაკლიის გარდა არცერთ პროექტზე არ წერია. გულწრფელად გითხრათ, ამ ხნის განმავლობაში კონსორციუმისგან ვერ მოვისმინე, თუ რამდენად იყო ეს პროექტი ეკონომიკურად გამართული. კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობასაც ამ საკითხისთვის ყურადღება მიექცია. როცა ეკონომიკის მინისტრს საპარლამენტო სხდომებზე ვეკითხებოდი, ეს იყო ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროექტი, ცალსახა პასუხი მას არ ჰქონდა. თუ ეკონომიკური პროექტია და ეს ეკონომიკურად გამართული არ არის, თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბური მშენებლობა იგეგმება ანაკლიაში და გარემოს თვალსაზრისით რამხელა ზიანის მომტანი იქნება. გამოდის, რომ ამ პროექტით ერთი ხელით გარემოს ვანგრევთ, ვცვლით მთლიანად ეკოსისტემას და მეორე მხრივ, გარანტირებული არ გვაქვს, ეკონომიკურად გამართლებულია თუ არა. ასეთი გათვლები ასეთ მასშტაბურ პროექტთან მიმართებაში უნდა იყოს. მოვისმინე ორი კომპანიის დასკვნა ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით, მაგრამ მარტივი კითხვა დავსვი – საინტერესოა, რომელი ქვეყნების ტვირთებით დაიტვირთება ანაკლიის პორტი, ხაზი გავუსვი ჩინეთის ფაქტორს, რადგან ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი დღეს. ჩინეთის ფაქტორი კი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული კვლევებში, თითქოს სხვა ქვეყნები დატვირთავდნენ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, შეცდომა დაუშვა როგორც მთავრობამ, ისე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“.
„რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, საქართველოს მთავრობის მხრიდან შედგენილი პირობები არ იყო ცალსახა და „კონსორციუმის“ მხრიდან სხვა პირობების წამოყენების აუცილებლობა დადგა მთავრობის მიმართ. ანუ, ორივე მხარეს აქვს შეცდომა დაშვებული, ეს არის ჩემი შთაბეჭდილება, აქ მთავარია, გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.