ბექა ნაცვლიშვილი - ჩვენს მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ არჩევნები ტარდება მშვიდობიან, სამართლიან გარემოში
პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ არჩევნები ტარდება მშვიდობიან, სამართლიან გარემოში. მან მხარეებს კანონიერი გზით მოქმედებისკენ მოუწოდა.
„აუცილებელია, წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად თავისუფალი ჩარევებისგან, ზოგადად მოსყიდვა შეიძლება გახდეს არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველი. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი უნდა ეცადოს, თავი აარიდოს ასეთ ქმედებებს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ არჩევნები ტარდება მშვიდობიან, სამართლიან გარემოში. კანონი არეგულირებს ყველაფერს, ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ზუგდიდის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ორივე მხარისთვის.
დარწუნებული ვარ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, გამარჯვება მოიპოვონ. ყველას მოვუწოდებ, ამას მიაღწიონ მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გზით. სხვა შემთვევაში, ვერ ჩამოვაყალიბებთ ნორმალურ საარჩევნო გარემოს და ხალხს არ ექნება ნდობა არჩევნების მიმართ.
წინასაარჩევნოდ გაკეთდება განცხადებები მაქსიმალურად მშვიდობიან და სამართლიან გარემოზე, მაგრამ დაზღვეულები არ ვართ არც ერთი, არც მეორე, არც მესამე მხრიდან, რომ მანიპულაციის მცდელობები არ იქნება. ამიტომ, ამას კარგად უნდა დააკვირდნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, უნდა გამოაცხადონ თავიანთი დამოკიდებულება მყისიერად და არა არჩევნების მერე“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.