ბექა ნაცვლიშვილი - ჩემი და „ქართული ოცნების“ განსხვავება დღეს არ გამხდარა ცხადი, პირველი ვიყავი, ვინც უმრავლესობა დავტოვე
იმ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მხოლოდ სანდრო გირგვლიანის საქმე არ იყო გახმაურებული, იყო სულხან მოლაშვილისა და კიდევ ბევრი სხვა საქმე, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
„მნიშვნელოვანია, იმ ცხრაწლიანი მმართველობის გააზრება, რასაც ადგილი ჰქონდა. ამ პერიოდში გახმაურებული არ იყო მხოლოდ გირგვლიანის საქმე, იყო მოლაშვილისა და კიდევ ბევრი სხვა საქმე. ჩილეში მოსამართლეთა კორპუსმა ბოდიში მოიხადა, რომელთა მიმართ საზოგადოებაში კითხვები არსებობდა. ამ ადამიანებს ქართული საზოგადოებისთვის ბოდიში უნდა მოეხადათ. განსხვავებები იყო ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან მიმართებაში. ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.
ჩემი და „ქართული ოცნების“ განსხვავება დღეს არ გამხდარა ცხადი. პირველი ვიყავი, ვინც უმრავლესობა დავტოვე და ვთქვი, თუ ჩემს რეფორმას მხარს არ დაუჭერდნენ, უმრავლესობას დავტოვებდი. საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარება, არსებული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით ქვეყანა დაიცლება. როცა მოსამართლეთა სია შემოვიდა, ხუთი ადამიანი ვიყავით, ვინც ბიუროზე ვთქვით, რომ ეს სია მიუღებელი იყო. ამას ღია კარის მტვრევას ვერ დავარქმევდი. ეს ადამიანები იყვნენ გოგიჩაიშვილი, ბესელია, ფოფხაძე და კობერიძე“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.