ბექა ნაცვლიშვილი - აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით დაინტერესება შემცირდება, რადგან ნებისმიერი რეკლამა ინტერესს იწვევს
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით დაინტერესება შემცირდება, რადგან ნებისმიერი რეკლამა ინტერესს იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„უკვე არსებული დაინტერესების შემთხვევაში, გარკვეული თვალსაზრისით, შეხსენებაც არის, რომ ეს პროდუქტი არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული აქცენტი იმაზე კეთდება, რომ კონკრეტული პროდუქტის მიმართ ახალი ინტერესი არ გაჩნდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა გაზომილი სათამაშო ბიზნესის რეკლამის ეფექტი, დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემატიკით დაკავებული რამდენიმე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კონკრეტული თამაშით, პროდუქტით დაინტერესება სწორედ რეკლამის საფუძველზე მოხდა.
„რეკლამის ეფექტის გასაზომად საჭიროა სიღრმისეული, მაგალითად, მაღალი რეპრეზენტატულობის მქონე კვლევა. ამ პრობლემატიკით დაკავებულია რამდენიმე ორგანიზაცია. მათ აქვთ ასეთი კვლევა, რომელიც იმაზე მიგვითითებს, რომ კონკრეტული თამაშით, თუ ამ შემთხვევაში პროდუქტით დაინტერესება სწორედ რეკლამის საფუძველზე მოხდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, აზარტული თამაშების ალკოჰოლთან შედარება არასწორია, რადგან ღვინო ჩვენი კულტურის, ცივილიზაციის ნაწილია.
ამ განცხადებით ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიორგი კანდელაკს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „შეიძლება, საუბარი იყოს დროით შეზღუდვაზე და მეტი არაფერი, როგორც ალკოჰოლზეა“.
ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საკვების რეკლამა დამოკიდებულებას არ იწვევს, აზარტული თამაშები კი იწვევს, ფატალური შედეგები აქვს და ამიტომ, ამ ორი პროდუქტის შედარებაც არ არის სწორი.
აღნიშნული განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მისამართით გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ „შესაძლოა, მაგალითად, ბულემიის მქონე ადამიანისთვის საჭმლის რეკლამის ჩვენება არ შეიძლებოდეს, რადგან შესაძლოა, მას საჭმელი მოუნდეს, ბევრი ჭამოს და ამან მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს, მაგრამ ამის გამო მაგალითად, „მაკდონალდსის“ რეკლამას ვერ ავკრძალავთ“.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა დაარეგულიროს კანონმა აზარტული თამაშების რეკლამა, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება და მისი გაყიდვა ჩვენ სამართლებრივ, გეოგრაფიულ სფეროში არ შემოდის, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პირობებში დაცული ვერ ვიქნებით, მაგრამ თუ ინტერნეტში შეზღუდვა გაჩნდება, ეს იმის ალბათობას შეამცირებს, რომ ადამიანებს ამ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ.
„რეკლამას რაც ეხება, მე ამას ასე არ ვმიჯნავ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მოზარდებისთვის არის და ზრდასრული ადამიანებისთვის არ არის. რეკლამამ შეიძლება, ნებისმიერ ადამიანში გააჩინოს კონკრეტული პროდუქტის მიმართ ინტერესი. მაგალითად, შეიძლება, რეკლამის დროს კონკრეტული სარეცხი საშუალების მიმართ გაჩნდეს ინტერესი და ეს ადამიანი ზრდასრული იყოს. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ მოზარდებს არ ეხება, მაგრამ ძირითადად, მაინც მოზარდებისკენ არის მიმართული, რომ მოზარდები არ ჩაერთონ“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.