ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობას დატოვებს, თუ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ
ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობას დატოვებს, თუ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ

ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობას დატოვებს, თუ მის მიერ ინიცირებული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი მმართველი გუნდის მიერ არ იქნება მხარდაჭერილი.

დეპუტატი ცვლილებებს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.

ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მის მიერ მომზადებული პროექტს მოქმედი საპენსიო სისტემიდან უთანასწორობის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი გამოარჩევს.

ნაცვლიშვილის თქმით, პროექტით გათვალისწინებული საპენსიო სვეტი სოლიდარობის პრინციპს ეფუძნება.

„მიზანი ჩემი მხრიდან რადიკალური ნაბიჯის გადადგმა არ არის, თუმცა უნიკალური შანსი არსებობს, ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა შეიცვალოს. თუ გუნდის მხარდაჭერა არ მექნება, ცხადია, განსხვავებები იქნება, რადგან ეს ყველაზე დიდი რეფორმაა, რომელიც პარლამენტმა ორი წელის მანძილზე განახორციელა. შესაბამისად, გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტით ახალი საპენსიო სქემა იქმნება, რაც გულისხმობს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას, რომელიც განსაზღვრული სარგებლის სქემას წარმოადგენს. მასში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის.