ბექა ლილუაშვილი - ყოველგვარი გაერთიანება, რაზეც ახლა მიდის საუბარი, გულისხმობს პარტიული იდენტობის დაკარგვას, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ასეთი ქმედება
ბექა ლილუაშვილი - ყოველგვარი გაერთიანება, რაზეც ახლა მიდის საუბარი, გულისხმობს პარტიული იდენტობის დაკარგვას, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ასეთი ქმედება

ჩვენ ბევრი გველაპარაკება, მათ შორის, ეკა ბესელიაც და სხვებიც, ვისთვისაც დღევანდელი „ქართული ოცნება“ და დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ჯოხის ორი ბოლოა და მათთვის კრიტიკულად მიუღებელია, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყანა ისევ ამ ორი ძალის ტყვეობაში დარჩეს, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა ტიპის კომუნიკაცია აქვს ეკა ბესელიას გიორგი გახარიასთან და გამოირიცხება თუ არა, მომავალ არჩევნებში პარტია „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ ყოფილ პოლიტიკოსებთან ერთად წარდგეს.

„ჩვენ ძალიან ბევრი გველაპარაკება და როცა დრო მოვა, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაციები გვექნება, მანამდე კი ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადია. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენთვის არ არსებობს მსგავსი სცენარი – პარტიული გაერთიანება. ყოველგვარი გაერთიანება, რაზეც ახლა მიდის საუბარი, გულისხმობს პარტიული იდენტობის დაკარგვას და ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ასეთი ქმედება. ხშირ შემთხვევაში, გასაგებია ეს ქმედება და პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ, როგორც ჩანს, ამ პარტიებს ხელი აქვთ ჩაქნეული, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი მხარდაჭერის ზრდას და ახლა ცდილობენ, სხვა პარტიების მხარდაჭერით, დახმარებით თუ გაერთიანებით მთავარ ამოცანას კი არ მოემსახურონ, რაც არის „ქართული ოცნების“ დამარცხება და ოპოზიციაში გადაყვანა, არამედ, როგორც ჩანს, რაღაც თავიანთი ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ საზოგადოებას შესთავაზა ცვლილებების კონკრეტული ფორმულა, რასაც შეიძლება, გახარიას ფორმულაც ეწოდოს, იმისთვის, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორულ ურთიერთობებზე დაფუძნებული ჩაკეტილი წრე დასრულდეს და ამ ორმა წარსულის ძალამ ქვეყანა წარსულში არ ჩატოვოს.

„იმისთვის, რომ მომავალზე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე მოხდეს აქცენტის გაკეთება, ამ ორმა ძალამ, არც ცალ-ცალკე და არც ერთად, ჯამში 50% არ უნდა გადალახოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ ორმა დესტრუქციულმა ძალამ არ გადალახოს 50% და ეს უნდა იყოს ყველა პროდასავლური ოპოზიციური ძალის ამოცანა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა შეიქმნას თუ არა ამ ჩაკეტილი წრის გასარღვევად სხვა მიზიდულობის ცენტრები, რაზეც, მაგალითად, „ლელო“ საუბრობს და რატომ არ სურს გიორგი გახარიას პარტიას მათთან თანამშრომლობა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ცენტრები უნდა იყოს, მაგრამ პარტიას „საქართველოსთვის“ მათთან თანამშრომლობა არ სჭირდება.

„მე არანაირ სახელდებებს არ ვაპირებ. ჩვენ არ გვჯერა, ზოგადად, არც თვითგამოცხადებული ცენტრების და არც თვითგამოცხადებული მიზიდულობის ძალების. ვიდრე ეს არ დადასტურდება საარჩევნო ელექტორალური შედეგით, ყველა ასეთი გამოცხადება არის, უბრალოდ, თვითგამოცხადება და მეტი არაფერი. გასაღები საქართველოს მოქალაქის ხელშია. მას უნდა დახვდეს არჩევანი, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.