ბექა ლილუაშვილი - ვინ რომელ კანდიდატს დააყენებს პრემიერის პოზიციაზე, არავის აინტერესებს, ხალხს იმაზე კი არ უნდა შევუქმნათ განწყობა, ვინ რაზე ვაჭრობს, არამედ განწყობა, რომ არჩევნებზე მივიდნენ
კონსულტაციების საკითხი პრეზიდენტმა დღის წესრიგში შემოიტანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივალთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზუსტი თარიღი და დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.
„იცით, ჩვენი პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ჩვენი მხარდაჭერა, იცით, რამდენად ვუჭერთ მხარს უშუალოდ სალომე ზურაბიშვილს. ასევე გამოთქმულიც გვაქვს საჯაროდ, რომ მისი სურვილი თუ იქნება, როგორც შემდგომ პრეზიდენტობის კანდიდატის, სრული მხარდაჭერა ექნება მას. ამიტომ მივალთ, მოვუსმენთ, ზუსტი თარიღი და დეტალები არ ვიცი. მოვისმენთ, რაზე იქნება საუბარი.
კითხვაზე, პრეზიდენტთან კონსულტაციებზე იქნება თუ არა გიორგი გახარია, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, პრეზიდენტთან შეხვედრაზე გუნდი როგორ იქნება წარმოდგენილი.
„მე გულწრფელად არ ვიცი გუნდის კომპოზიცია როგორ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად მივალთ. მგონია, რომ გახარიას არ ჰქონია წარსულში პრობლემა, არც სხვა დროს ექნება პრობლემა პრეზიდენტთან შეხვედრის. ჩვენ არასდროს გავკიდებივართ სავარძლებს და პოზიციებს, ჩვენ რომ თბილ სავარძელში ყოფნა გვდომოდა, იქ ვიყავით, მაგრამ ეგ არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ამიტომ, ამ საკითხებზე საზოგადოების ყურადღებას ნუ გადაიტანთ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების წინ, მათ შორის როგორიცაა ივანიშვილის ოპოზიციაში გადასვლა და „ოცნების“ დამარცხება. არანაირი წონა საზოგადოებისთვის – ვინ რა კანდიდატს დააყენებს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, არავის არ აინტერესებს და ნუ ქმნით ხელოვნურ თემებს. ადრე კი არ არის არჩევნების კონტექსტში, საერთოდ არალევანტურია ამ თემებზე საუბარი. ხალხს იმაზე კი არ უნდა შევუქმნათ განწყობა, ვინ რაზე ვაჭრობს, არამედ განწყობა, რომ არჩევნებზე მივიდნენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.