ბექა ლილუაშვილი - სსფ-სთან შეთანხმება გულისხმობს, რომ საქართველოში არის ძლიერი მაკროეკონომიკური მენეჯმენტი
ბექა ლილუაშვილი - სსფ-სთან შეთანხმება გულისხმობს, რომ საქართველოში არის ძლიერი მაკროეკონომიკური მენეჯმენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომის შემდეგ ანტიკრიზისულ გეგაზე და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ლილუაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან გამართულ მოლაპარაკებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის შედეგადაც საქართველო ფინანსურ რესურსებს მიიღებს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესამცირებლად.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ექსპერტებთან, სხვადასხვა ეკონომიკურ წრეებთან იმისთვის, რომ სწრაფად შეეფასებინა ეკონომიკაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სხვადასხვა გავლენა და სწრაფად განეხორციელებინა, შეემუშავებინა დეტალური ღონისძიებები ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით.

„დონორებთან განხორციელებული მუშაობის შედეგად, როგორც არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის პრემიერის მხრიდან, გვაქვს პირველადი შეთანხმება საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომ დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის რესურსის მობილიზებას შეძლებს სახელმწიფო საბიუჯეტო დახმარებების სახით. ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, დონორთა საზოგადოება მზადაა, დაახლოებით ამდენივე რესურსი მიაწოდოს საქართველოს კერძო სექტორს, მათი მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამ შეთანხმებისა, მათ შორის ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ), რაც ოფიციალურად დღეს უკვე ფონდის განცხადებით გახდა ცნობილი. ამ შეთანხმების ფარგლებში, ფონდი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში გამოყოფს დამატებით დაფინანსებას ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, საიდანაც დაახლოებით 200 მილიონი დოლარი მიემართება პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მიმართულებით, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი მიემართება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართულებით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.

„ფონდთან შეთანხმება არ არის უბრალოდ შეთანხმება, ეს გულისხმობს იმას, რ ომ ქვეყანაში არის ძლიერი მაკროეკონომიკური მენეჯმენტი, რაც არის ე.წ. ბენჩმარკი და მოცემულობა ყველა სხვა საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისთვის, რომ მომავალში მათ თავისუფლად შეუძლიათ, ქვეყნისთვის გამოყონ დამატებითი ფინანსური რესურსები და ეს არის სრულად შესაძლებელი“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.