ბექა ლილუაშვილი - შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც მიმართული იქნება ე.წ. ქოლცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ
შესაძლოა, მწვავე პოლიტიკურ შედეგებამდე მიგვიყვანოს ხელისუფლების უმოქმედობამ, რომელიც ტრანსნაციონალურ დანაშაულს უკავშირდება და რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ხორციელდებოდეს ძებნილი პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოუდგენელი მასშტაბის თაღლითური ქსელის შექმნით, შესაძლო ხელმძღვანელობით და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის ასობით მილიონი დოლარის მოპარვით, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, ქვეყანაში ძებნილი პირის მიერ, ასობით დასაქმებული პირის ჩართულობით, ამ მასშტაბის დანაშაული ხორციელდებოდეს და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდეს არცერთი სახელმწიფო უწყება.
„საერთაშორისო საგამოძიებო მოქმედებები დღეს თუ ხვალ კონკრეტულ შედეგებზე გავა და იმ პოლიტიკურ ქარიშხალს, რომელიც ამ სქემის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანას ელოდება, სჭირდება რაიმე მინიმალური დამზღვევი წინაპირობები მაინც, სულ მცირე, სიმართლის გამოვლენა ამ საქმის მიმართ შიდა ინტერესებთან დაკავშირებით და იმის დასადგენად, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშაულის ვერ ან არ აღკვეთაზე. გთავაზობთ, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე საგამოძიებო პროცესში სისტემური ჩავარდნების გარკვეულ გადამზღვევ მექანიზმს და მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი შესაძლო თაღლითური ე.წ. ქოლცენტრების საქმის გამოძიების ხელშეწყობისკენ, რის შედეგადაც გამოვლინდებიან ამ დანაშაულში მონაწილე და მათი მფარველი პირები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.