ბექა ლილუაშვილი - საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და სასჯელი უნდა მოიხადოს
მესმის, რომ ნიკა გვარამიას, შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თავისი პოზიტიური გამოცდილების გაზიარება უნდა, თუმცა შეწყალების პრეროგატივა პრეზიდენტს აქვს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტის სუვერენული უფლებამოსილებაა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ხელისუფლებას სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა თუ უნდა, შეწყალებაც არ იქნება ეფექტური, რადგან მათ სამართლებრივად შეუძლიათ, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სხვა საქმეზე დაიწყონ და ციხეში ჩასვან. ამას ერთ-ერთი თეორიული სცენარით ვგულისხმობ. თუ მოცემულობას მივიღებთ, რომ ეს „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა, ეს იქნება შეთანხმების ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რაც „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნოდ პოზიტიურად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ნიკა გვარამიამ გუშინ ერთ-ერთი ტელკომპანის ეთერში განაცხადა, რომ მიმართავს პრეზიდენტს, რათა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.