სახელმწიფო დეველოპერული სექტორისგან 150 მილიონი ლარის ღირებულების ბინებს იყიდის, რითაც 1800 დევნილი ოჯახი საცხოვრებელით დაახლოებით სამი წლით ადრე დაკმაყოფილდება
სახელმწიფო დეველოპერული სექტორისგან 150 მილიონი ლარის ღირებულების ბინებს იყიდის, რითაც 1800 დევნილი ოჯახი საცხოვრებელით დაახლოებით სამი წლით ადრე დაკმაყოფილდება

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მიმდინარე კრიზისი უნდა ვაქციოთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად, მათ შორის ვგულისხმობთ იმასაც, რომ ჩვენს მიერ განხორციელებულ თითოეულ ღონისძიებას უნდა მოჰყვეს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სარგებლის მოტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ღონისძიება, რაც გულისხმობს, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო ეხმარება დეველოპერულ სექტორს, რათა გაყიდვების პრობლემა გადაჭრას, ხოლო მეორე მხრივ, ეხმარება  დევნილ მოსახლეობას, რათა დაჩქარდეს მათი საცხოვრისით დაკმაყოფილების პროცესი.

„ამ მიზნით, სახელმწიფო, გარდა იმ რესურსებისა, რაც მას უკვე გამოყოფილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და რითიც ახორციელებს დევნილების მხარდაჭერას საცხოვრებელი ფართით, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი წარმოადგენს 150 მილიონ ლარს და რომელიც სრულად მიემართება, რათა სახელმწიფომ წლის ბოლომდე დეველოპერული სექტორისგან იყიდოს 150 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები. ეს არის დაახლოებით 1800 საცხოვრებელი ბინა და შესაბამისად 1800 დამატებით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახი. ეს ნიშნავს, რომ 1800 დევნილი ოჯახი დაახლოებით სამი წლით ადრე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით იმ გეგმასთან შედარებით, რაც დაგეგმილი გვქონდა ამ ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილება“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ ამ პროცესში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს სრულიად გამჭვირვალედ, აუქციონის წესით და შესაბამისად, მთავრობა შესთავაზებს დეველოპერულ სექტორს და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.