ბექა ლილუაშვილი - გუბაზ სანიკიძის განცხადება თავისი შინაარსით მავნებლურია, ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას
საჯარო მოხელეების უმრავლესობა ქვეყანას პატიოსნად ემსახურება. გუბაზ სანიკიძის განცხადება თავისი შინაარსით მავნებლურია, რომელიც ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის განცხადებით, არავის უნდა დაავიწყდეს საჯარო მოხელეების წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში. მისივე თქმით, „ისინი დასაცავები არიან და არა გასაწმენდები“.
„ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას, რომელიც თავის დროზე ატერორებდა, ახლა „ქართული ოცნებაც“ არ ჩამორჩება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დანერგილია საჯარო მოსამსახურეების ტერორი. ყველას მინდა, მოვუწოდო, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. თავის შეკავება იმას კი არ ნიშნავს, თუ ასე ფიქრობენ, არ თქვან, თუ ასე ფიქრობენ, თქვან და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს საზოგადოება, მაგრამ საჯარო მოხელეების მხრებზე დგას ეს ქვეყანა და ყველაზე მძიმედ სწორედ ეს ადამიანები განიცდიან ამ პროცესს. არ აქვს მნიშვნელობა, ის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იქნება თუ არაძალოვანი სტრუქტურის. დღეს ყველას ძალიან კარგად ესმის ამ ხელისუფლების მავნებლობა. ამიტომ არავის დაავიწყდეს ამ ადამიანების წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში. ისინი დასაცავები არიან და არა გასაწმენდები. ვინც კანონი დაარღვია და საქმეს არაკეთილსინდისიერად აკეთებს, სათანადო პასუხი მიუვა, მაგრამ საჯარო მოხელეების უმრავლესობა ამ ქვეყანას პატიოსნად ემსახურებიან. ამიტომ ეს მავნებლური განცხადებაა თავისი შინაარსით, რომელიც ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას. ჩვენ წინასაარჩევნო პროცესში ვართ, ახლა თითოეული განცხადება გამოხატავს პარტიისა და პოლიტიკოსის ღირებულებებსა და ფასეულობებს. ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, სხვამაც დააფიქსიროს და ამომრჩეველმა შეაფასოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.