ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას მხარეები უნდა მოეკიდონ პატივისცემით და არ უნდა მოხდეს ამით პოლიტიკური სპეკულირება
ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას მხარეები უნდა მოეკიდონ პატივისცემით და არ უნდა მოხდეს ამით პოლიტიკური სპეკულირება

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშრებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარეები უნდა მოეკიდონ პატივისცემით და არ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური სპეკულირება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქმე საბოლოოდ უნდა დაიცალოს პოლიტიკური მდგენელისგან და სამართლებრივ, ჰუმანიტარულ კონტექსტში უნდა იყოს განხილული.

„„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა შეწყვიტონ საუბარი იმაზე, რომ, ერთი მხრივ,  სახელმწიფო წამლავს და კლავს პატიმარს, მეორე მხრივ, პატიმარი სიმულიანტობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ორივე ეს სპეკულაციის ნაწილი უნდა შეწყდეს. ეს არ არის ის, რაც პოზიტიურად ან დადებითად მოქმედებს და გავლენას ახდენს სააკაშვილის მდგომარეობაზე. ამ თვალსაზრისით, დაველოდოთ ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

პირველადი გადაწყვეტილების მომენტიდანვე ხდება ამ გადაწყვეტილებისთვის უნდობლობის გამოცხადება, პოლიტიკური კონტექსტის მიცემა, რაც არ არის სწორი. ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი საფუძველი, ფუნდამენტი, რათა სააკაშვილის საკითხზე პოლიტიკური კონტექსტი მოიხსნას და სამართლებრივ, ჰუმანიტარულ საკითხს დაბრუნდეს მთლიანად ეს მოცემულობა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.