ბექა ლილუაშვილი - რესურსების მობილიზების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტისა და ფისკალური პოლიტიკის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს
ბექა ლილუაშვილი - რესურსების მობილიზების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტისა და ფისკალური პოლიტიკის გადახედვის პროცესი მიმდინარეობს

პანდემიის გამოწვევის საპასუხოდ რესურსების მობილიზების მიზნით მთავრობა ერთის მხრივ თანხების დონორებისაგან მოზიდვას ცდილობს, მეორე მხრივ ბიუჯეტისა და ფისკალური პოლიტიკის გადახედვაზე მუშაობს, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში პოსტ-კრიზისულ პერიოდში ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ ინიცირებული საკრედიტო-საგარანტიო სქემების საკითხი განიხილეს, რომელზეც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები უკვე მუშაობენ.

ლილუაშვილის განმარტებით, პანდემიის გამოწვევის საპასუხო რესურსების მობილიზება რომ მოახერხდეს, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საიდანაც დასტურს ყოველდღე ელიან.

„საქართველოს მთავრობის მთელი ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში კონცენტრირებულად მუშაობს სხვადასხვა დონორებთან, რათა შესაძლო დახმარების მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, საუბარია როგორც სასესხო, ასევე საგრანტო ინსტრუმენტებზე, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. ბუნებრივია, ეს ორგანიზაციებია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები. ამ პროცესისგან დამოუკიდებლად, მაგრამ [მთავრობასთან] კოორდინაციაში მიმდინარეობს კომუნიკაცია ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის, რადგან ესეთი ტიპის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ნაწილში ცალ-ცალკე ინსტრუმენტებით ეხმარებიან სხვადასხვა ქვეყნებს. ამიტომ, ეს ორი პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პარალელურად მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვაზეც მუშობს, რადგან მოსალოდნელი ეკონომიკური აქტივობის შემცირება საბიუჯეტო შემოსავლების კლებასაც გულისხმობს.

„ჩვენ ვართ ისეთი გამოწვევის წინაშე, რომელსაც ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო გავლენა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური შემოსავლების ნაწილთან. შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო შემოსავლების გარკვეულ კლებასაც გულისხმობს. ამიტომ, ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ გადაჭრადი ამოცანის წინაშე, რომ ერთის მხრივ დავაბალანოსთ ბიუჯეტის მიმდინარე საჭიროებები და მეორეს მხრივ, დავაბალანსოთ ბიუჯეტის ახალი საჭიროებები, რომლებსაც დღემდე ბიუჯეტი არ იცნობდა. მაგალითად, იგივე კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს მუხლი ბიუჯეტში არ არსებობდა. ამისთვის საჭირო იყო შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება. ამიტომ, ეს პროცესი არის ძალიან დინამიური. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში და ზოგადად მთლიანად ბიუჯეტის ნაწილში ბიუჯეტის სრული გადახედვა მიმდინარეობს. სწორედ ეს ეხმიანება კრიზისულ ბიუჯეტს, რომელიც მომდევნო თვეებში სრულიად ახალი სახით წარედგინება საზოგადოებას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი განმარტებით, სახსრების დაზოგვის მიზნით, მოსალოდნელია ნაკლებად აქტუალური პროექტების შეჩერებაც.

„დროებით შეჩერდება ისეთი ტიპის პროექტები, რომლებიც ნაკლებად აქტუალურია. მაგალითად ტურისტული მიმზიდველობის და ტურიზმის სექტორის ეფექტურობის გაზრდის ნაწილში აუცილებლად გვიწევს გადახედვა, რადგან ეს სექტორი მომდევნო პერიოდში ნაკლებად აქტიური იქნება, თუმცა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა, მათ შრომის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე, ბუნებრივია, სახელმწიფო გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის პროცესი არის ყოველდღიური და დინამიური, მათგან ფაქტობრივად საბოლოო დასტურს ველოდებით კონკრეტული მიმართულებით, ასევე ფისკალური პროცესის სრულად გადააზრების სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს. მაქსიმალურად ვცდილობთ რესურსების მობილიზებას, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ“, – განუცხადა ბექა ლილუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი