ბექა ლილუაშვილი - რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს
რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“.
„როგორ შეიძლება, იმ ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე რუსეთთან მიმართებაში ასეთ განცხადებებს აკეთებდეს, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ დროს როგორ უნდა საუბრობდეს ირაკლი კობახიძე რუსეთის პოზიციების გამაგრებასა და ფრენების საკითხზე? ეს ყველაფერი დაუშვებელია და პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, მათ წისქვილზე ასხამს წყალს. გუშინ სწორედ ეს თქვა პრეზიდენტმა. ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ გვჭირდება კიდევ ერთი პერსონალიზებული პოლარიზაციის წყარო და ის, რომ პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის უკვე პოლარიზაცია შეუქცევადია. სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, ვის უფრო უყვარს ეს ქვეყანა და ვის სურს ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია.
პრეზიდენტმა ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, რომ უზრუნველყოს, ქვეყანამ ევროპული სტატუსი მიიღოს. მისი კრიტიკა შინაარსიან ნაწილში გასაგებია, მაგრამ ამ განცხადებებთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ქმედებები და პოლიტიკური აქტივობა. ამით იმ მიზნის მხარდაჭერა, რაც ყველას ერთად გვაქვს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.