ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამას ხელისუფლება საკუთარი ქმედებებითაც ადასტურებს
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამას ხელისუფლება საკუთარი ქმედებებითაც ადასტურებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„მაგალითად, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ცვლილებები, რომლითაც მუნიციპალური არჩევნებისთვის სურს, გააუქმოს საკრებულოს მაჟორიტარად არჩევისთვის, მინიმუმ, 40%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. ანუ „ქართულ ოცნებას”, რომელიც ყოველდღე გვატყუებს, რომ თითქოს 60% რეიტინგი აქვს, სინამდვილეში, 35%-ის იმედიც კი არა აქვს. ამ კანონის მიღება მხოლოდ ამას ნიშნავს. ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს. ამ ნაბიჯებშიც „ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსა. 2010 წელს, ზუსტად თვითმმართველობის არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილმაც გააუქმა საკრებულოს მაჟორიტარად არჩევისთვის, მინიმუმ, 30%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული „ოცნებაც“ იმავეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არც პირველი შემთხვევაა, რითიც ახლანდელი ხელისუფლება თავის სისუსტეს ადასტურებს. გაგახსენებთ – 1 – ივანიშვილის უშედეგო გამოჩენას, მთავრობის შემადგენლობაში ღიმილის მომგვრელ ცვლილებების განხორციელებას, რითიც „ოცნების“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა; 2 – ასევე, უპრეცედენტო მხარდაჭერაზე მოჭორავე „ოცნების“ მიერ ცესკო-ს საბოლოოდ პარტიისთვის დაქვემდებარებას; 3 – ასევე, დებატებისგან „ოცნების“ მუდმივად გაქცევას და ოპონენტებთან, მოქალაქეებთან საუბრის ნაცვლად, საკუთარ თავთან საუბარს. ეს ყველაფერი ადასტურებს ერთ რამეს. „ოცნებას“ ეშინია წაგების და მსგავსი ცვლილებებით ცდილობს შიდაპარტიული მღელვარების დაწყნარებას. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა – ამომრჩევლის მოტყუება და სიაში შესაყვანი ფეოდალების ხალხისთვის მაჟორიტარებად შესაღების კომიკური მცდელობა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიხედოს ხალხის გასაჭირს და არა საკუთარი გასაჭირის კანონების ჭრა-კერვით მოგვარებას. დაიწყოს კონსტიტუციური ცვლილებების მომზადება პრეზიდენტის პირდაპირი წესით ასარჩევად. მსგავსმა მხდალმა ნაბიჯებმა ვერც წინა „ნაცებს“ უშველა, და ვერც თქვენ გიშველით. ნურც თქვენ კარგავთ დროს და ნურც ჩვენ გვაკარგვინებთ, დაუბრუნდით საქმეს!
შეგახსენებთ, 2024 წლის არჩევნები იქნება საბოლოო ტესტი და შანსი თქვენთვის, „ოცნებისთვის”, რომ ჩაატაროთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. სხვაგვარად, ამ ტესტის ჩაფლავებითაც, არა მხოლოდ მომავალზე ლაპარაკის, არამედ წარსულზე ლაპარაკის მორალურ უფლებასაც დაკარგავთ და ყველაფერს, რაც კი აქამდე კარგი გიკეთებიათ, საბოლოოდ გაანადგურებთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შესაძლოა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გაუქდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას „ქართული ოცნება“ მიმდინარე კვირას გეგმავს.