ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შანტაჟის, მოსყიდვის მეთოდს იყენებს, რომელსაც ზოგიერთი უღირსი ადამიანი თანხმდება
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შანტაჟის, მოსყიდვის მეთოდს იყენებს, რომელსაც ზოგიერთი უღირსი ადამიანი თანხმდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილს კითხვით მიმართეს ბათუმის საკრებულოს წევრთან, ნატალია ძიძიგურთან დაკავშირებით, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
„როგორც ჩანს, თავის დროზე პარტიაში სუს-ის ყოფილ ჩანერგილებს არჩევნების მოახლოების დროს რაღაც თავისი გახსენებები აქვთ. ახლა თურმე ნატალია ძიძიგურს გაახსენდა, რომ ვიღაც რაღაცას აიძულებდა. ფეხი როცა დაკრა და მოსყიდვების, სარგებლის მიღების შემდეგ მმართველი პარტიის ჯიბეში გადაბარგდა, მაშინ არაფერი ახსოვდა. ეს არის მეთოდები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ეს არის შანტაჟი, მოსყიდვა და ფოჩიანი კანფეტების მეთოდი, რომელსაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი უღირსი ადამიანი თანხმდება. ადამიანი თავისი პარტიიდან წასვლის შემდეგ რაღაც სისულელეებს როცა ჰყვება, ეს პირდაპირ სუს-ის ხელწერაა, სუს-ის მეთოდიკაა. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნატალია სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამტარებელია. თავის დროზეც ეს მეთოდოლოგია გაატარა, დღესაც ამას ატარებს. ვინც ამ მეთოდებს ექვემდებარება, ნიშნავს, რომ თავიდანვე მოწყვლადი იყო. არ ვიცი, კონკრეტულად სახელშეკრულებო ურთიერთობა რა თანხაზე აქვს გაფორმებული“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
პარტიამ „საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა. პარტიიდან გარიცხეს ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე. პარტიაში აცხადებენ, რომ „ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იყვნენ შემჩნეული არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებსა და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში“.