ბექა ლილუაშვილი - ქარტიას ხელი მოვაწერეთ ყველაზე ბოლოს, პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე
ბექა ლილუაშვილი - ქარტიას ხელი მოვაწერეთ ყველაზე ბოლოს, პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე

ჩვენ ქარტიას ხელი მოვაწერეთ ყველაზე ბოლოს, პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავაკეთეთ ერთი დათქმა – ქარტიის იმ ნაწილს, რომელიც რეფორმების დღის წესრიგს განსაზღვრავს, ვეთანხმებით. ამ დღის წესრიგს პირდაპირ ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე მივყავართ და, ბუნებრივია, ამას მხარს დავუჭერთ, მაგრამ იქ იყო რაღაც საკითხები, რომელიც ბუნდოვანი იყო ხელმოწერამდეც და რჩება ახლაც. მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამაზე ხელმოწერამდეც ვთქვით და მერეც, რომ ტექნიკური მთავრობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზნის მიღწევაში, შეიძლება, გამოგვადგეს. ეს არის ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება, ისე დამარცხდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს არცერთი ფორმით და არცერთი დოზით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამ განცხადებით ბექა ლილუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ აპირებს პარტია სამართლებრივად იმ ქარტიის მიზნების აღსრულებას, რომლის ხელმომწერიც არის, მაგალითად, საუბარია დროებით ტექნიკურ მთავრობაზე, რომლის ფორმირებასაც პრეზიდენტი იღებს საკუთარ თავზე, ან რამდენად რეალისტურია, რომ თუკი არჩევნების შედეგებით ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება მოუწევთ, ერთ წელიწადში ქარტიის პირობის თანახმად მანდატები დათმონ?

ბექა ლილუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ვინც ჰაერზე იტყვის სიტყვებს და ამის უკან შესაბამისი გათვლები არ გააჩნია.

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც კეთების გამოცდილება აქვს სახელისუფლებო ვერტიკალში სხვადასხვა პოზიციიდან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ არის სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მქონე პარტია, რომლის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, თბილისის მეტროს გაფართოება, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, პირველივე წელს პენსიების ზრდა 200 ლარით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ზრდა 200 ლარით, დევნილების დახმარება 150 ლარამდე, კანონით გარანტირებული მინიმალური ხელფასის დაწესება 950 ლარის ოდენობით, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლების სისტემის გაჯანსაღება და ხელმისაწვდომობა, საოკუპაციო ხაზთან და ამ ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები დევნილების განსაკუთრებული მხარდაჭერა და ა.შ.