ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკური პროცესების გააქტიურებამ და ადამიანების მობილობის ზრდასთან დაკავშირებული პროცესების შემოტანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია
პოლიტიკური პროცესების გააქტიურებამ და ადამიანების მობილობის ზრდასთან დაკავშირებული პროცესების შემოტანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში, წარმოადგინა თანაბარზომიერად დაბალანსებული მხარდაჭერის პაკეტი.
„პანდემიის პირველი დღიდან ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი მიზანი ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. პირველი – ეს არის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მეორე – პანდემიიდან და კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანი მიყენება. შესაბამისად, ჩვენი თითოეული ნაბიჯი, როგორც შეზღუდვების მიმართულებით, ასევე ანტიკრიზისული პაკეტების მიმართულებით, გამოწვევების სიმძაფრეს ეფუძნებოდა. დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა მართვადი, პოლიტიკურმა გუნდმა რვა დიდ ქალაქში წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში, წარმოადგინა თანაბარზომიერად დაბალანსებული მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ჩვენი მოქალაქეების და მათი სოციალური მდგომარეობის მხარდაჭერას, ასევე ბიზნესის მხარდაჭერასაც.
რა თქმა უნდა, როგორც შეზღუდვებს, ისე გლობალურ პანდემიას ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა ექნება, თუმცა შეზღუდვები იმდაგვარად არის, რომ ძირითადი დროის მონაკვეთი, როდესაც ქვეყანაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, ეს სადღესასწაულო დღეებია, შეზღუდვები მაქსიმალურად შემსუბუქებული, ფაქტობრივად მოხსნილია. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეზღუდვების ორდღიან მექანიზმზე გადასვლა ხდება. ეს არის შეზღუდვების სტრუქტურის ის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია, ეკონომიკური აქტივობა მინიმალურად შეიზღუდოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, სანამ პოლიტიკური პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდოდა, საქარველოს ეპიდემიოლოგიური მართვის შედეგები ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„პოლიტიკური პროცესების გააქტიურებამ და ადამიანების მობილობის ზრდასთან დაკავშირებული პროცესების შემოტანამ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, მათ შორის ოპონენტების მხრიდან სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის ქუჩაში დაფიქსირებამ სტატისტიკის გაუარესებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი, დამატებითი შეზღუდვები შემოგვეტანა. ის გავრცელების მაჩვენებელი, რაც დღეს გვაქვს არაბუნებრივია და სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს მეტწილად ამ პოლიტიკურ პროცესებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ლილუაშვილმა.