ბექა ლილუაშვილი ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის ლიმიტების გაორმაგებას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ითხოვს, რომ ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საყოველთაო ჯანდაცვის ლიმიტები გაორმაგდეს.
როგორც ლილუაშვილი აცხადებს, ქვეყანაში არსებული გამოწვევის პირობებში, ხელისუფლებამ უწყვეტად უნდა გააგრძელოს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში საუბარია ონკოპაციენტებსა და დიაბეტით დაავადებულ ბავშვებზე, მათ ოჯახებზე.
„დღეისთვის ონკოპაციენტების და მათი ოჯახის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა. ეს გამოიწვია საჭირო წამლებზე ფასების 4-ჯერ ზრდამ და მათი მკურნალობის სქემით გათალისწინებული პრეპარატების შეზღუდულმა რაოდენობამ. რაც, თავის მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მათთვის 25 000 ლარიან ლიმიტთანაა დაკავშირებული. ეს ზღვარი არასაკმარისია. დანაკლისი პრეპარატების და პროცედურების ტარიფები მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ამ ადამიანების ოჯახებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, შექმნილია საქართველოს მოქალაქეთა პეტიციაც, რომელიც მიზნათ ისახავს, დაწესებული ლიმიტის არსებითად ზრდას”, – აღნიშნავს ლილუაშვილი.
დეპუტატი განმარტავს, რომ პარტია მხარს უჭერს მოქალაქეების პეტიციას და მთავრობას კითხვებით უკვე მიმართა.
„1. გაზარდოს დაწესებული ლიმიტი, ამასთან მოხდეს მუნიციპალური – რეფერალური მიზნობრივი პროგრამების ხელმისაწვდომობის ზრდა ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდით;
2. განახორციელოს შესაბამისი ფარმაკოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ტენდერით მწარმოებლისგან შესყიდვა. შესაბამისი კონკურენციისა და ხარისხის კონტროლის დაცვით;
3. აამოქმედოს ჯიემპი სტანდარტის ლაბორატორია, რომელმაც უნდა უზრუნვეყოს ყველა იმპორტირებული თუ ადგილზე წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
ონკოპაციენტების საჭიროებებთან ერთად, უდიდეს გამოწვევად რჩება დიაბეტით დაავადებული ბავშვების ამბულატორიული მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების და საანალიზო-ტექნიკური საშუალებების ხელმისაწვდომობა როგორც ფინანსური, ისე გეოგრაფიული კუთხით.
აქაც, თითოეული პაციენტისთვის ვაუჩერული სისტემა მოქმედებს მხოლოდ 2000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში, რაც არ არის საკმარისი.
შეზღუდულია სადიაგნოსტიკო საშუალებები, რაც ყოველდღიური აუცილებელი კომპონენტია დაავადებული ბავშვისთვის და მშობლებს უწევთ ჯიბიდან გადახდები, რაც დიდი ფინანსური ტვირთია. პრობლემა მწვავედ დგას რაიონებსა და სოფლებში, სადაც არც ცენტრებია, არც სახელმწიფო აფთიაქები (ინსულინის მისაღებად), არც დიაგნოსტიკური საშუალებები და სერვისის მისაღებად უწევთ დიდ ქალაქებში ტრანსპორტირება.
თქვენ იცით, რომ 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, რეალური ზრდა დაგეგმილზე მაღალია და ინფლაციის ჯერ ისევ მაღალი მაჩვენებლის გამო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ 166 მლნ. ლარი შეადგინა. ანუ, ბიუჯეტში არსებობს დამატებითი ფინანსური რესურსი, რაც ხელისუფლებამ პასუხისმგებლიანად და მიზნობრივად უნდა გამოიყენოს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს რესურსი მიმართოს ჩვენი მოქალაქეების, ონკოპაციენტებისა და დიაბეტით დაავადებული ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, – აღნიშნავს ლილუაშვილი.