ბექა ლილუაშვილი - „ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო, დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი არის ევროპული
მინდა, მადლობით დავიწყო და მადლობა ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გუშინაც იდგა აქციაზე, სწორად გაიგო ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები, ჩვენი განცხადებები, განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ახლა შეძლო, დაერწმუნებინა ადამიანები, რომ წარდგენილი კანონპროექტი არის ევროპული.
„ეს კანონი არის რუსული, ეს არის პასუხი იმ პრიმიტიულ კითხვაზე, რომელსაც პროპაგანდის საშუალებებით „ოცნება“ სვამს. „ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო, დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი არის ევროპული. ვერ დაარწმუნა ვერც საჯარო მოხელეები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის ევროინტეგრაციაში, ვერც საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც გუშინაც ბევრი ვიხილეთ აქციაზე. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების ამოცანა დღეს არის, რომ არ დავუშვათ ამ კანონის მიღება, ისე რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანად დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი, ამაზე კი პასუხისმგებლობა „ოცნების“ მხარესაა, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ცდილობს, ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს, ამ ყველაფერს მოქალაქეებმა მტკიცე ერთიანობით უპასუხეს. სწორედ ეს ერთიანობა იქნება გზა არჩევნებამდე, სადაც უკვე „ოცნება“ ოფიციალურად გამოცხადდება დამარცხებულად, რადგან „ოცნება“ უკვე დამარცხდა ამ ქვეყნის მომავალთან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.