ბექა ლილუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაინახა, რომ საგამოძიებო კომისიის თემის მიმდინარე კვირაში ინიცირებით დაკარგავდნენ საგამოძიებო კომისიას, როგორც ინსტრუმენტს
ვერავის მივცემთ საშუალებას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ გაუსხლტეს ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ ინტერპელაციის შემდეგ საგამოძიებო კომისიის საკითხს ჩვენ თვითონვე დავუბრუნდებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დადგინდეს სიმართლე და არსებულ რეალობაში ამის ერთადერთი გზა არის, რომ პოლიტიკური კონტექსტი მოშორდეს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შოვის უმძიმეს ტრაგედიასთან, მათ შორის საგამოძიებო კომისიას.
„საგამოძიებო კომისიასთან მიმართებაში არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა ჰქონდეს არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური პასუხისმგებლობა დაზარალებულებისა და მთელი საზოგადოების წინაშე. იქ შეიძლება, ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანის ოჯახის წევრი. ამიტომ ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ უნდა დადგინდეს სიმართლე და ჩვენს რეალობაში ამის ერთადერთი გზა არის, პოლიტიკური კონტექსტი მოშორდეს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შოვის უმძიმეს ტრაგედიასთან, მათ შორის საგამოძიებო კომისიას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამუშაოები, ჩვენი გეგმა, იცით, რომ მივმართეთ კითხვებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანისთვის და გვაქვს გარკვეული გამოცდილება კრიზისების მართვაში და ამიტომ ჩვენ ჩვენს პროცესებს ვაწარმოებთ შოვის თემასთან მიმართებით. რაც შეეხება კომისიას, გუშინაც გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ კვირაში კომისიის გამოტანა არის პირდაპირ კომისიის ჩავარდნის და ამ ინსტრუმენტის დაკარგვის ძალიან რეალური მოცემულობა. ეს დაადასტურა პაპუაშვილმა, როდესაც თქვა, რომ ის არ განაცალკევებს კენჭისყრის და განხილვის პროცედურებს. ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ გაუსხლტეს ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ ინტერპელაციის შემდეგ საგამოძიებო კომისიის საკითხს ჩვენ თვითონვე დავუბრუნდებით. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ინსტრუმენტი გამოსაყენებელი არ არის. ამას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ მივბრუნდებით ამ საკითხს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკითხის გადადება მიუთითებს იმაზე, რომ მათ დაინახეს, კომისიის თემის ამ კვირაში ინიცირებით დაკარგავდნენ საგამოძიებო კომისიას, როგორც ინსტრუმენტს.
„მათ რეალურად დაინახეს, რომ ამ კომისიის თემის ამ კვირაში ინიცირებით დაკარგავდნენ საგამოძიებო კომისიას, როგორც ინსტრუმენტს. ამ თემას ჩვენ თვითონ მივუბრუნდებით ინტერპელაციის შემდეგ. ჩვენთვის მთავარია, რომ სიმართლის დადგენისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, მათ შორის საგამოძიებო კომისია. ახლა არ მსურს, იმაზე ვისაუბრო, ვის პოლიტიკურ დივიდენდებში ჩაიწერება საგამოძიებო კომისიის საკითხი. ეს ჩემი ინტერესი არ არის და ამ თემაში არ შემოგყვებით. როცა ვამბობ, რომ მივუბრუნდებით საგამოძიებო კომისიის საკითხს, ვგულისხმობ, რომ გამოვიყენებთ კომისიას. მხარდაჭერა ექნება კონკრეტულ ინიციატივას თუ საგამოძიებო კომისიის დებულებაში სხვა რამე შინაარსობრივი ჩაიწერება, ამას გვიჩვენებს პროცესი, რასაც ვაწარმოებთ. ამ მექანიზმს ოპოზიციასთან ერთად გამოვიყენებთ. თქვენთვის რა არის მთავარი, საგამოძიებო კომისია იქნას გამოყენებული თუ არა?! გამოყენებული იქნება. საკითხს მივუბრუნდებით ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე მუშაობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დავიწყებთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 3 ოქტომბრის სასესიო კვირას გაიტანენ.