ბექა ლილუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, კეზერაშვილთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ არ არის პარტიის მენეჯმენტშიო, ეს აბსურდია, ნებისმიერი ფინანსური კონტრიბუცია ქმნის ურთიერთვალდებულებებს
ბექა ლილუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, კეზერაშვილთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ არ არის პარტიის მენეჯმენტშიო, ეს აბსურდია, ნებისმიერი ფინანსური კონტრიბუცია ქმნის ურთიერთვალდებულებებს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათ პარტიას დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა არ ჰქონია და არც ექნება.

„რა თქმა უნდა, კეზერაშვილთან არ ვითანამშრომლებთ, ჩვენთვის ნანახი კინოა. ჩვენ, და მათ შორის პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, გვაბრალებდნენ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, შემდეგ – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კეზერაშვილის დაფინანსებაც ამ ნარატივის ნაწილი იყო. ეს არის სისულელე. ჩვენ შემთხვევაში, შემიძლია, გითხრათ, რომ არანაირი თანამშრომლობა არ იყო, არ არის და არ იქნება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, ოპოზიციის ნაწილის თანამშრომლობა კეზერაშვილთან აზიანებს თუ არა მთლიანად ოპოზიციას, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ჩრდილოვანი მმართველობა დამაზიანებელია.

„მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ კეზერაშვილთან ვთანამშრომლობთ, გვაფინანსებენ, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტშიო. ეს ხომ აბსურდია. ნებისმიერი ფინანსური კონტრიბუცია, მით უმეტეს, კეზერაშვილის მხრიდან, ქმნის ურთიერთვალდებულებებს, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კეზერაშვილის მიმართ. ჩვენ ასეთი მმართველობის ფორმებს არ მივესალმებით, მათ შორის „ქართული ოცნების“ შემთხვევაში. ეს კრიტიკულად აზიანებს სახელმწიფოს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.