ბექა ლილუაშვილი - მთავრობის მიერ წარდგენილმა ანტიკრიზისულმა ეკონომიკურმა პაკეტმა, არსებული შესაძლებლობების ფონზე, შინაარსობრივი კრიტიკისთვის სივრცე არ დატოვა
ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ეს ღირებულება ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ტრანსფორმირდება სოციალური თუ ეკონომიკური პოლიტიკის ყველა ასპექტში, შესაბამისად, დღეს ეს არის ფაქტი და არა ვარაუდი შეფასებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ლილუაშვილის შეფასებით, თუ დღეს ვინმე ამაზე დაობს, ის მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესით ხელმძღვანელობს.
როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო ყოველი თვის განმავლობაში გასცემს 1.7 მილიონ ერთეულ სხვადასხვა სოციალურ დახმარებას 1.4 მლნ ადამიანზე.
„2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფოს ხარჯები სამჯერ არის გაზრდილი, მთლიანობაში სოციალური ხარჯები კი – ერთნახევარჯერ. მარტო ეს პარამეტრებიც კი თავისთავად საუბრობს ხელისუფლების პრიორიტეტებზე. დღევანდელ პირობებში, როდესაც მთავრობის მიერ წარდგენილმა ანტიკრიზისულმა ეკონომიკურმა პაკეტმა სახელმწიფოს არსებული შესაძლებლობების ფონზე შინაარსობრივი კრიტიკისთვის სივრცე არ დატოვა, ვხედავთ რომ აპელირება ხდება უკვე სიცრუით – თითქოს, სარგებელს ვერ მიიღებს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორია, რომლისთვისაც სახელმწიფო ისედაც არაფერს აკეთებს. სახელმწიფო ყოველი თვის განმავლობაში გასცემს 1.7 მილიონ ერთეულ სხვადასხვა სოციალურ დახმარებას 1.4 მლნ სხვადასხვა ადამიანზე, იქნება ეს ასაკობრივი პენსია (747 ათასი მიმღები), საარსებო შემწეობა (408 ათასი მიმღები), დევნილების დახმარება (283 ათასი მიმღები) თუ სხვა სოციალური პაკეტები“, – აღნიშნავს პრემიერის მრჩეველი.
ლილუაშვილის თქმით, სახელმწიფო საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე ისედაც ასრულებს საკუთარ პასუხისმგებლობებს ამ მოქალაქეების წინაშე და ამჟამად, კრიზისის გამო, სახელმწიფოს მოუწია დამატებით სხვა მოქალაქეებზეც მსგავსი პასუხისმგებლობების აღება.
„ყველას გვესმის, რომ ეს არ არის ის მაქსიმუმი, რასაც თითოეული ადამიანი იმსახურებს ან რითაც მათი ყველა პრობლემა გადაიჭრება, მაგრამ ასევე ხომ ყველას გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი, დღეს კი ერთდროულად ვიბრძვით ორი მიმართულებით, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე და შევინარჩუნოთ ეკონომიკა”, – წერს ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.