ბექა ლილუაშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ისტორიულ მაქსიმუმამდე ბარიერი, მეტიც, გაასამმაგონ არსებული, ამ სპეკულაციური ნარატივის არავის ეშინია
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ისტორიულ მაქსიმუმამდე ბარიერი, მეტიც, გაასამმაგონ არსებული, ამ სპეკულაციური ნარატივის არავის არ ეშინია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, „ოცნება“ როგორ ავითარებს თაღლითურ ნარატივს, რისთვისაც იყენებს თავისი ჯიბის ორგანიზაციის, „გორბის“ გაყალბებული კვლევის შედეგებს და ბარიერის საკითხს. ისინი ავითარებენ შემდეგ ლოგიკას – როგორ აპირებს ის ოპოზიცია ხელისუფლების დამარცხებას, რომელსაც აქვს ბარიერის პრობლემა. ანუ, ისინი აპირებენ გაერთიანდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არის თაღლითური ნარატივი და ამ ნარატივით ნუ სპეკულირებთ.
საერთოდ, პარტია „საქართველოსთვის“ სახელით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაზარდოს ისტორიულ მაქსიმუმამდე ბარიერი. ამ ქვეყანაში შვიდპროცენტიანი ბარიერიც ახსოვთ და მეტიც, გაასამმაგონ, თუ უნდათ ახლანდელი 15 პროცენტამდე. არავის ამ სპეკულაციური ნარატივის არ ეშინია და პირიქით, ამ ყველაფერს იყენებენ იმ შიშის შესანიღბად, რაც უკავშირდება რეალურად მათი კვლევების შედეგებს, როდესაც ისტორიულ მინიმუმზეა „ოცნების“ რეიტინგი. ბარიერის არავის ეშინია და ვერ შენიღბავთ თქვენს შიშს. აცახცახებული ტონი, რომელიც იკითხება კობახიძის განცხადებებში, პირდაპირ აჩვენებს შიშსა და, ამავდროულად, ჩვენი პარტიის, „საქართველოსთვის“ ძალას. ყოველდღე სამ სიტყვაში, რომ ორ გახარიას ახსენებს ადამიანი, რომელიც ცდილობს, დაბალი რეიტინგით შეასაღოს საზოგადოებას ეს პარტია, პირდაპირ აჩვენებს, პირდაპირპროპორციულად ეს მათ იციან.
2021 წლის არჩევნები ავიღოთ. ნახეთ, როგორ წკიპზე იყო „ოცნება“ ხელისუფლების და ძალაუფლების დაკარგვის ნაწილში და მათ მოუწიათ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანა, რათა კონსოლიდაცია გაეკეთებინათ თავის მხარეს ამომრჩევლის. ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ დაბრუნდება. ამომრჩეველმა იცის, რომ ეს არის დამღუპველი საქართველოს მომავლისთვის, ამიტომ ამით, ამ პოლიტიკური საფრთხობელით, ვეღარავის დააშინებთ. თქვენ შეიძლება გადადგათ ნაბიჯი და არჩევნებამდე ამ შიშის გამო სააკაშვილი თქვენ თვითონვე გამოუშვათ ციხიდან. მაგრამ ამით ვერ ისპეკულირებთ, საწადელს ვერ მიაღწევთ და, საზოგადოებასთან ერთად, 2024 წლის არჩევნებზე თქვენ წაბრძანდებით ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ლილუაშვილმა.