ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მიზეზები მისთვის გაუგებარი იყო და ამიტომ არ დაუჭირა მხარი ახალ კანდიდატურას
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით დასახელებული მიზეზები მისთვის გაუგებარია.
ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ვერ ხედავს სიძლიერეს საპარლამენტო ინსიტუტში, როდესაც მმართველი ძალა გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და სწორედ ამიტომ არ დაუჭირა მხარი კახა კუჭავას კანდიდატურას.
„მმართველ გუნდს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ეს პირველ რიგში მოიაზრებს ძლიერ სახელმწიფო ინსიტუტებს. მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსიტუტში, როდესაც მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავისი პარტიის წევრებსაც ბოლო წუთამდე არ უმხელს ამ ინფორმაცის. აქ პერსონალურ შედარებებზე არ უნდა დავიდეთ, აქ საუბარია საქმის გაკეთებაზე. ჩემთვის გაუგებარია, თქვენთვის ამომწურავი იყო ის მიზეზები, რაც დასახელდა? მე საერთოდ არ ველოდებოდი თავმჯდომარის ცვლილებას“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა გუშინ აირჩიეს. მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგ წავიდა. არსებული ინფორმაციით, ექვსივე დეპუტატი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან. კერძოდ, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა.