ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ოთარ ფარცხალაძეს პასუხისმგებლობის სივრციდან გაიყვანს
ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ოთარ ფარცხალაძეს პასუხისმგებლობის სივრციდან გაიყვანს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ოთარ ფარცხალაძეს პასუხისმგებლობის სივრციდან გაიყვანს.

მისივე თქმით, მოქალაქეობის შეწყვეტა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ფარცხალაძეს ხვალ შეუწყდება თუ არა მოქალაქეობა, ეს განსაზღვრავს მისი გავლენის ხარისხს საქართველოში, ეს იქნება კონკრეტულ ბიზნესებზე თუ რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ეს პრობლემის მოგვარება არ არის. ეს არის პირდაპირ ინსტრუმენტის შექმნა ყველა მომავალი დასანქცირებული პირისთვის, 20-25 ოჯახის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის დოვლათს ინაწილებენ, როგორ დააღწიონ თავი პასუხისმგებლობას, რადგან მოქალაქეობის შეწყვეტა მათ, გარკვეულწილად, პასუხისმგებლობის სივრციდან გაიყვანს. მაგალითად, ვერ გამოვიყენებთ საპარლამენტო საგამოძიებო მექანიზმებს, რათა დავადგინოთ, რეალურად რა და როგორ იყო“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ გვერდზე 19 სექტემბერს დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს. ამასთან, 20 სექტემბერს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნა. აქამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე სალომე ზურაბიშვილმა შეუწყვიტა თუ არა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა.