ბექა ლილუაშვილი - მამუკა ხაზარაძემ ანაკლიასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო, ეს რთული იქნება მისთვის, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს
მამუკა ხაზარაძემ ანაკლიასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო. ეს რთული იქნება მისთვის, მაგრამ ამის აღიარება მოუწევს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხაზარაძის მხრიდან ხდებოდა ამ საკითხის პოლიტიზება.
„ვხედავდით მოდელირებულ რეალობას ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი გუნდის ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ აბსოლუტურად უსაფუძვლო, ტყუილ ბრალდებებს. ვითმენდით, ჩვენ არასდროს პასუხი არ გაგვიცია ამ საკითხებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ის გუნდი ვიყავით, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ამ პროექტის განხორციელებას. იმისთვის, რომ მივხმარებოდით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს, კონსტიტუციაში შევიტანეთ ცვლილება ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით და ეს გარანტიები იყო დამატებითი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც წერტილი დაუსვა და თავისი სახელი დაარქვა ყველაფერს, ხაზარაძეს მოუწევს, ბოდიში მოიხადოს. სხვაგვარად, „ლელოს“, როგორც პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის წარმატებას ვუსურვებდით და ახლაც ვუსურვებთ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის განცხადებით, ეს იყო ფორმალურად სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა.
„მოპასუხე მხარე იყო სახელმწიფო, მაგრამ, შინაარსობრივად, ჩვენ ვიყავით მაშინ ხელისუფლებაში. გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი. ყველანაირად ვცდილობდით, მხარი დაგვეჭირა პროექტისთვის, მათ შორის, ხშირად ინვესტორებთან საუბრით და ჩართულობით, 16-ზე მეტჯერ შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების ძირითად ნაწილში, რაც იყო ხაზარაძისა და კონსორციუმის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯები. ამის მიუხედავად, ოთხი წლის განმავლობაში, 2020 წლიდან მოყოლებული, იგი იყენებდა ამ თემას ჩვენი პოლიტიკური შეურაცხყოფისთვის. ჩვენ არასდროს გადავსულვართ თავდასხმაზე და ვითმენდით. მათ შორის იმისთვისაც, რომ, საბოლოოდ, საერთაშორისო არბიტრაჟის მხრიდან დადგენილიყო სიმართლე ამ პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, რომ ხაზარაძემ ეს დავა წააგო.
ბოლოს, როდესაც უკვე იმდენად არაეფექტური აღმოჩნდა ხაზარაძის მუშაობა და ვერ მოაბა თავი იმას, რაც უნდა გაეკეთებინა, შემდეგ უკვე ისეთი საკითხები დააყენა, რომლებიც საერთოდ ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს საერთოდ სცდებოდა. ახლა ყველას ინტერესში უნდა იყოს ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი. მე საერთოდ არ მესმის, რატომ აქვს ხელისუფლებას დუმილის პოზიცია? ძალიან მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს, რომ ანაკლიის პროექტი აშენდება და აშენდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც სახელმწიფო იქნება ძირითადი ინვესტორი, ევროკავშირი და, ზოგადად, დასავლეთი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი და, რა თქმა უნდა, თავის ფუნქციისა და წვლილის შესაბამისად ჩინეთიც იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.