ბექა ლილუაშვილი - მაღალი დონის ექსპერტები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაში
საქართველოს მთავრობამ პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა; ამ პროცესში ჩვენ ჩართული გვყავს მაღალი დონის კონსულტანტების ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით; ერთ-ერთი ჯგუფი შედგა USAID-ის დახმარებით, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის ეკონომისტებით. ექსპერტები, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდნენ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც დაეხმარება ქვეყანას სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაში, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გაწეული საერთაშორისო საკონსულტაციო მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ექსპერტებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის თანამშრომლობის შესახებ, პოსტკრიზისული ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავების ნაწილში.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ექსპერტებმა ასევე შეაფასეს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებები.
„ასევე, მათი სამუშაოს ნაწილი იყო, შეეფასებინათ მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, ეფექტიანობის თვალსაზრისით. დღეს შევხვდით ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებს. ექსპერტების სურვილი იყო, ჰქონოდათ მათთან კომუნიკაცია რეკომენდაციებისა და იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც გასწიეს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო ჩოხელის თქმით, USAID-ისა და საქართველოს მთავრობის ოპერატიული თანამშრომლობის შედეგად, მსოფლიო დონის ექსპერტებმა შეისწავლეს საქართველოში არსებული სიტუაცია სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია: ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკის სექტორები.
მისივე განცხადებით, სწორედ, არსებული სიტუაციის შესწავლისა და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებისთვის გაგვეცნო ის სამუშაო, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთავრობასთან ერთად „კოვიდ-19“-ის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ, პანდემიის დაწყებისთანავე, როდესაც უკვე აშკარა გახდა, რომ საკმაოდ მასშტაბური გავლენა ექნებოდა პანდემიას გლობალურად მსოფლიოსა და მათ შორის ეკონომიკაზე, ძალიან ოპერატიულად ითანამშრომლა საქართველოს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრის აპარატთან, შევკრიბეთ ექსპერტების გუნდი მსოფლიო დონის ეკონომისტებისგან, რომლებმაც აქტიურად იმუშავეს პრემიერ-მინისტრის აპარატთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან და ეროვნულ ბანკთან ამ ღონისძიებების შემუშავებაზე. სამი ძირითადი მიმართულებით შეისწავლეს სიტუაცია და შემდგომ უკვე დადეს რეკომენდაციები, ესენია: ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკის სექტორები. ყველა ამ მიმართულებით შეისწავლეს სიტუაცია – როგორ შევხვდით პანდემიას, შემდგომ რა იყო პირველი ნაბიჯები და ის ღონისძიებები, რომლებიც გაატარა საქართველოს მთავრობამ და აქედან გამომდინარე დაიდო რეკომენდაციები საშუალოვადიან ხედვასთან დაკავშირებით ამ სამი მიმართულებით“, – აღნიშნა ნინო ჩოხელმა.
შეხვედრის დასასრულს გამომსვლელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.