ბექა ლილუაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას პასუხობს - არავისი მიხმარება არ გვჭირდება, აქეთ მივეხმარებით
ბექა ლილუაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას პასუხობს - არავისი მიხმარება არ გვჭირდება, აქეთ მივეხმარებით

არავისი მიხმარება ჩვენ არ გვჭირდება, აქეთ მივეხმარებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

„არ ვაპირებდი „ნაციონალური მოძრაობასთან“ პოლემიკაში შესვლას, მაგრამ, როგორც ჩანს, თვითონ უნდათ რაღაც განცხადებების გაკეთება. ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ მიხმარების ძალისხმევა, ფრაქციის წევრებმა როგორ დაანიშნინეს მისთვის სასურველი კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კარგად ვიცით, როგორ ეხმარება „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ქმნის მტრის ხატს და არჩევნებზე ამ თვალსაზრისით, წლებია, იმარჯვებს. კარგად ვიცით, კალაძის, იმავე კობახიძის განცხადებები, როგორი საჩუქარია მათთვის ხაბეიშვილი და კეზერაშვილები. ამიტომ, მგონი, ყველაფერი ცხადია, არავისი მიხმარება ჩვენ არ გვჭირდება, აქეთ მივეხმარებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.