ბექა ლილუაშვილი - კრიზისის პერიოდში პირდაპირ ზარალდება კომპანია, სწორედ აქ შემოდის სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მიაწოდოს კომერციულ სექტორს
მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა გვაძლევს საშუალებას, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში მივეხმაროთ, როგორც მოქალაქეების სოციალურ ჯგუფებს, ისე მეწარმეებს და მივცეთ მათ საშუალება, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე, როდესაც ქვეყანაში მძაფრი ეპიდემიოლოგიური გამოწვევები გადაილახება და შეგვეძლება, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით სტიმულირება მივცეთ კერძო სექტორს, ახალი გეგმების განხორციელების, საქმიანობის გაფართოების და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით“, – აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.
როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, მთავრობამ მეწარმეების ხელშეწყობის ნაწილში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება წარადგინა, მათ შორისაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასის სრულად გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან, 1 500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი ნაწილობრივ და სხვა.
„რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ეკონომიკური სტიმულირების ნაწილს, ამის დეტალებზე უკვე მოგვიანებით შეგვეძლება საუბარი. მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება წარადგინა მეწარმეებზე ზრუნვის ნაწილში, მაგალითად საკრედიტო-საგარანტიო სქემა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში სრულად, 1 500 ლარის შემთხვევაში კი ნაწილობრივ. გარდა ამისა, კრიზისის პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კერძო სექტორთან, მათ შორის, საბანკო სექტორთან, რათა კომერციული სექტორისთვის გადაგვევადებინა საკრედიტო ვალდებულებები ან მათ განეხორციელებინათ ე.წ. რესტრუქტურიზაციები. მთავრობისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მთავარი პრობლემა, რომელიც ქმნის საჭიროებას იმისთვის, რომ მთავრობამ იმოქმედოს არის ის, რომ ამ კრიზისს აქვს განსაკუთრებული ხასიათი – ის პირდაპირ ზარალს აყენებს კომპანიას, რადგან უმცირდება მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები, რომ გააგრძელოს საქმიანობა. სწორედ, აქ შემოდის სახელმწიფო თავისი როლით და ინსტრუმენტებით, რომ მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მიაწოდოს კომერციულ სექტორს და ამაზეა გათვლილი ის ღონისძიებები, რომლებიც დავაანონსეთ, მათ შორის დღგ-ს დაბრუნება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, სადაც სახელმწიფო იღებს გარანტიას კომერციულ მსესხებლებზე, რომ თვითონ იქნება გარანტორი, როდესაც მეწარმე იღებს სესხს, რათა გადაიხადოს ხელფასები, იყიდოს პროდუქცია და ა.შ.“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.