ბექა ლილუაშვილი - IRI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას, ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს, მოქალაქეების პრობლემები არ აინტერესებს
IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს, ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები არ აინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ დღეს ერთადერთი პარტიაა, რომელიც თავის გეგმას ასრულებს.
„კვლევაში ნათლად ჩანს, როგორ აქვს ერთდროულად დაცემული რეიტინგი იმ ორ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ეხმარებიან და ასაზრდოებენ. მათ აქვთ საკუთარი ტელევიზიები, ჰყავთ არაფორმალური მმართველი თუ ოლიგარქები, „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსებიც, თუმცა ფაქტია, რომ მიუხედავად ამ რესურსებისა, ვერც ერთი და ვერც მეორე პარტია ვეღარ ახერხებს მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი შექმნას. დღითიდღე ცხადი ხდება, მათ შორის ამ კვლევის შედეგებით, რომ ისინი კარგავენ უნარს, საზოგადოებას თავზე მოახვიონ თავიანთი ლეგენდები და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა იკლებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორივე პარტია აქტიურ პოლიტიკაშია.
კვლევაში ნათლად არის ასახული საქართველოში განვითარებული ბოლო პერიოდის მდგომარეობა: ქართველი ხალხის მკაფიო დასავლური კურსის შეუცვლელი არჩევანი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, 12 რეკომენდაციის შინაარსობრივად შესრულების ნაცვლად, 12 ალიბის შექმნა დაუპირისპიროს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ქვეყნის მარცხი საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესეად აქციოს. ამ მოცემულობაში უკვე აღარავის უკვირს, რატომ ვართ ჩვენ ყველასთვის მთავარი სამიზნე და დასარტყამი ობიექტი. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ეტაპზე თავის გეგმას ასრულებს და მიუყვება. ეს იმ პირობებში, როცა სრულად შეზღუდული გვაქვს მედიარესურსები, ფაქტობრივად ყველა პარტიულ ტელევიზიაში. მეტიც, „იმედზე“ გვაშუქებენ მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლება დაუკვეთავს ბინძურ პროპაგანდას და ტყუილებს ჩვენს პარტიასა თუ ლიდერებზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენ ასე თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ დავასრულებთ ორპოლუსიანობას, „ქოცების“ და „ნაცების“ გაუთავებელ ურთიერთქიშპს და ამით ქვეყნის დაზიანებას“, – განაცხადა ბექა ლილუაშვლმა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.