ბექა ლილუაშვილი - გარკვეული კატეგორიის დეველოპერული კომპანიებისთვის „ესქრო“ ანგარიში იქნება სავალდებულო, შევქმნით სტანდარტს, რომელიც გამოაჯანსაღებს სექტორის მდგომარეობას
ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ მოკლევადიან მიზნებსა და ამოცანებზე, ვცდილობთ, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ სხვადასხვა შესაძლებლობად და ამ სულისკვეთებით ვცდილობთ, რომ განვახორციელოთ ღონისძიებები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდშიც გააჯანსაღებს და სისტემური გაჯანსაღების კომპონენტს შეიტანს სხვადასხვა სექტორში, ამ შემთხვევაში დეველოპერულ სექტორში, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, სექტორთან მოხდა შეთანხმება იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან „ესქრო“ (Escrow) ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
„აქ საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში, ისტორიულად, ვერ მოხერხდა ე.წ. ესქრო (Escrow) ანგარიშების დანერგვა ამ სექტორის საქმიანობაში და ჩვენ გადავწყვიტეთ და სექტორთან შევთანხმდით, რომ 2020-2021 წლიდან „ექსრო“ ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება. როდესაც მშენებელი სესხის საშუალებით ყიდულობს უძრავ ქონებას, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს და შემდეგ მშენებელი სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე შესაძლოა, დადგეს იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერ დაასრულოს მშენებლობა, „ესქრო“ ანგარიშის გამოყენებით მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და სამშენებლო პროცესის პარალელურად, ან დასრულების შემდეგ, შეუძლია ამ თანხების გამოყენება. ეს ნაბიჯი მრავალ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი და ჩვენ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გამოაჯანსაღებს სექტორის მდგომარეობას. ეს არ იქნება სავალდებულო ყველა დეველოპერული კომპანიისთვის, ეს შეეხება გარკვეული კატეგორიის დეველოპერულ კომპანიას და გაყიდვების მოცულობას. ამ საკითხზე სექტორთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.